პრეზენტაციის
ანგარიში
ღონისძიების
დასახელება : სემინარი-პრეზენტაცია
თემაზე : ,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე“
ჩატარების
ადგილი : ბაზალეთის საჯარო
სკოლა, ხანგრძლივობა-1 საათი
დრო
: 17 დეკემბერი, 2012 წელი
მიზანი
და ამოცანები : ტრენინგზე
მიღებული ცოდნის კოლეგებისთვის გაზიარება, კვლევის მეთოდებისა და პროექტზე მუშაობის
ეტაპების, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის, პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების
სტრატეგიების, კათედრებზე მუშაობის აქტივობების გაცნობა; ჩატარებული ღონისძიების ანგარიშის
ფორმების წარდგენა, მასწავლებლის პორტფოლიოს შესახებ ცნობების მიწოდება.
რეზიუმე:
პრეზენტაცია მოვაწყვე
ჩემს სკოლაში, ჩემი კოლეგების წინაშე. საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მიღების მოლოდინში
შეიკრიბნენ მასწავლებლები.პრეზენტაცია დავიწყე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპების განხილვით.
ვისაუბრე, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ კვლევის ამოსავალი პუნქტი, როგორ შევარჩიოთ საკვლევი
თემა, ჩამოვაყალიბოთ კვლევის მიზანი და ზუსტად მოვარგოთ საკვლევი მეთოდები. ხაზი გავუსვი
იმ ფაქტს, რომ კვლევისას დიდი მნიშვნელობა აქვს მონაცემთა შეგროვებას და ანალიზს. კოლეგებს
გავაცანი სათანადო მასალები. შემდეგ შევეხე პროექტზე მუშაობის ეტაპებს. ანუ, როგორ
უნდა შევადგინოთ პროექტის განაცხადი, რა საკითხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორ
გამოვკვეთოთ მიზანი და ამოცანები, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე.
ვისაუბრე პროექტ-გაკვეთილის მნიშვნელობაზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით.დავასახელე, რა სფეროებს შეიძლება მოიცავდეს პროექტ-გაკვეთილის თემა, რა უნდა
გავითვალისწინოთ მისი დაგეგმვისას,რომელი უნარებია აუცილებელი პროექტზე მუშაობისას.
მასწავლებლებს გავაცანი პროექტმეთოდის სქემა. ვისაუბრე პროექტის შეფასებაზე და თვითშეფასებაზე.
პრეზენტაცია გავაგრძელე კათედრებზე წარმატებული მუშაობისათვის საჭირო აქტივობების
გაცნობით. აუცილებელია ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, დავაკვირდეთ და შევაფასოთ
კოლეგების საგაკვეთილი პროცესი.აუდიტორიას გავაცანი კათედრის ფუნქციები, ფორმალური
და არაფორმალური შეფასების დადებითი და უარყოფითი ასპექტები. შემდეგ ვისაუბრე პორტფოლიოს
შესახებ, მასწავლებლებს წარვუდგინე სპეციალური სქემა, თუ რა დოკუმენტაცია უნდა იყოს
წარმოდგენილი მასში. გავაცანი სხვადასხვა ღონისძიების(კვლევა, პროექტი, სემინარი, კონფერენცია)
ანგარიშის ფორმები.
პრეზენტაციის დასრულების
შემდეგ, პასუხები გავეცი მათ მიერ დასმულ კითხვებს. დავრწმუნდი, რომ მიწოდებული ინფორმაცია
მათთვის მეტად საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა.
ღონისძიების
ამნიშვნელოვნების დასაბუთება : ჩემი
პრეზენტაცია მნიშვნელოვანი იყო ჩემი კოლეგებისათვის იმიტომ, რომ გაიგეს ბევრი სიახლე,
გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობის სურვილი. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც, რადგან
მარტო ჩემი წარმატება სკოლის საერთო წარმატებისა და წინსვლისთვის უმნიშვნელოა. გუნდური
მუშაობის პრინციპი ბევრად უფრო აადვილებს შედეგზე გასვლას.თუკი შევძლებთ და ყველა აქტიურად
ჩავერთვებით სამუშაო პროცესში ახალი მიდგომების გათვალისწინებით,კათედრებზე ერთობლივად
დავგეგმავთ და შევასრულებთ პროექტებს, პედაგოგიურ კვლევებს, დავაკვირდებით ერთმანეთის
საგაკვეთილო პროცესებს გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენს სკოლაში მნიშვნელოვნად
გაუმჯობესდება შედეგზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების ხარისხი.
ხელმოწერა
: ნინო გურეშიძე
თარიღი :
18 დეკემბერი, 2012წელი
ინოვაციური მეთოდები: განხილვა-გაზიარება
ჩვენი მიზანია კარგი მკითხველის აღზრდა. ტექსტის გაგება-გააზრებაში ბავშვებს
ეხმარება ე. წ. ,,მეტაკოგნიტური სტრატეგიები“, რაც ფიქრის შესახებ ფიქრს ნიშნავს. ანუ
ბავშვი აკვირდება და აკონტროლებს გაგებიც პროცესს და ეფექტურად იყენებს ,,ხმამაღლა
ფიქრის“ მეთოდის შემდეგ სტრატეგიებს:
·
ვიზუალიზება- მკითხველი აღწერს
იმ სურათ-ხატებს, რომელსაც გონებაში წარმოიდგენს ავტორის მიხედვით აღწერილის მიხედვით.
,,მენტალურ ეკრანზე“, გონებაში ჩნდება სურათები: ,,მე წარმოვიდგინე... მე ვხედავ...
·
ვარაუდების ჩამოყალიბება- მკითხველი ცდილობს წარმოიდგინოს, რა მოხდება ტექსტის
მომდევნო ნაწილში, ასევე გადაამოწმებს, რამდენად გამართლდა წინა ვარაუდები: ,,ჩემი
ვარაუდით... ალბათ... ჩემი აზრით... შემდეგ...“
·
ახსნა-განმარტება-მკითხველი ყურადღებას ამახვილებს გაუგებარ სიტყვებსა
და გამოთქმებზე. ცდილობს გაარკვიოს წაკითხულის მნიშვნელობა სიტყვის,წინადადებისა და
ტექსტის დონეზე. საჭიროების შემთხვევაში მიმართავს დამხმარე საშუალებებს: ,,მე დამაბნია...
არ ვიცი, რას ნიშნავს... „
·
პირადი დამოკიდებულების
გამოხატვა- მკითხველი გამოხატავს
საკუთარ ემოციას და შთაბეჭდილებებს წაკითხულზე: ,,მე ვგრძნობ... მე მომწონს (არ მომწონს)...
ჩემი საყვარელი მონაკვეთია...
·
შეკითხვების დასმა
- მკითხველი სვამს სხვადასხვა
დონის შეკითხვებს ტექსტის მნიშვნელოვანი ელემენტების შესახებ: ,,რატომ...? როგორ...?
როდის...?
·
კავშირების დამყარება
- მკითხველი ცდილობს დაუკავშიროს
წაკითხული ტექსტის შინაარსი საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, გარემომცველ სამყაროს
და სხვა ტექსტებში წაკითხულ ინფორმაციას: ,,ეს მაგონებს... ეს ჰგავს... ეს უკავშირდება...“
·
შეჯამება - მკითხველი ცდილობს გამოკვეთოს ტექსტის დედააზრი, გამოყოს
მთავარი მეორეხარისხოვანისაგან: ,,მთავარი აქ არის... ძირითადად ეს ეხება...“
·
რეფლექსია/შეფასება
- მკითხველი ცდილობს გამოიტანოს
საბოლოო დასკვნები. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტისა და ავტორის მიმართ.
შეაფასებს, რამდენად მიღწეულია წაკითხვის მიზანი: ,,მე გავიგე, რომ... ჩემი აზრით,
ეს ტექსტი...
აღნიშნული მეთოდით მუშაობა არის წარმატების გარანტია
ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული სწავლებისა. არანაკლებ ეფექტურია ისეთი ინივაციური
მეთოდებიც, როგორიცაა:
·
გონებრივი იერიში-გაკვეთილის თემის
გაცნობის შემდეგ ვსვამთ კითხვებს. რა ვიცით შესასწავლი მასალის შესახებ. ყველა მოსაზრებას
ვწერთ დაფაზე შერჩევის გარეშე.ვახარისხებთ მსგავს ინფორმაციას და ვაძლევთ საბოლოო სახეს.
·
ჩამოთვალე-დაწყვილდი-გაუზიარე- ასახსნელ თემასთან
დაკავშირებით დაფაზე ვაკრავთ ორ განსხვავებულ ილუსტრაციას. ვთხოვთ ბავშვებს კარგად
დააკვირდნენ მათ და 3-4 წუთის განმავლობაში ჩამოწერონ მათ შორის 3 მსგავსება და 3 განსხვავება.ბავშვები
ჯერ ინდივიდუალურად მუშაობენ,შემდეგ მეწყვილეს უზიარებენ თავის აზრს, საბოლოოდ კი-
მთელ კლასს.
·
სიტყვების გამომძიებელი -
წინასწარ
ვამზადებთ ცხრილს:
სიტყვა
|
ჩემი ვარაუდი
|
ტექსტის მიხედვით
|
ლექსიკონი ამბობს
|
პირველ სვეტში ვწერთ უცნობ სიტყვებს. ბავშვებს ვთხოვთ დაფიქრდნენ, რას
შეიძლება ნიშნავდეს ისინი და თითოეულ სიტყვაზე გამოთქმული ვარაუდი ჩა- წერონ მეორე
სვეტში. შემდეგ ეტაპზე, ტექსტის კითხვის დროს, დააზუსტებენ ამ სიტყვების მნიშვნელობას
და წერენ მესამე სვეტში. თუ საჭიროა, სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად, იყენებენ
ლექსიკონს.
·
ექოს ტიპის კითხვა-
მასწავლებელი კითხულობს წინადადებას, აბზაცს, გვერდს ხმამაღლა. მოსწავლეები
იმეორებენ წაკითხულს.
·
მკითხველთა თეატრი- გულისხმობს როლებად კითხვას. აქვს წარმოდგენის სახე.ბავშვები
ინაწილებენ როლებს, აწყობენ რეპეტიციებს. უფრო მაღალი დონეა რადიო-კითხვა, როცა მთელ
ტექსტს ერთი მოსწავლე კითხულობს და ის ყველა როლს ირგებს.
·
ვარაუდები ილუსტრაციების
მიხედვით- წაკითხვამდე მოსწავლეები
ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამენ ვარაუდებს, რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი ტექსტში.
·
დაკარგული სიტყვები
- ბავშვებს ვურიგებთ ტექსტიდან
პირველ მონაკვეთს, რომლიდანაც ამოღებულია რამდენიმე სიტყვა. ესენია ,,დაკარგული სიტყვები“.
შესაძლებელია მივცეთ სავარაუდო სიტყვათა ჩამონათვალი. მოსწავლეები
თავიანთი შეხედულებისამებრ ავსებენ ტექსტს.
·
ტექსტი ამბობს... მე ვფიქრობ...ამიტომაც...-კითხვის
შემდეგ ეს სტრატეგია მოსწავლეს აძლევს საშუალებას გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება
წაკითხულის მიმართ.
·
წერა ქარგის მეთოდით- შეჯამება -რეფლექსიისათვის
ეფექტური სტრატეგიაა: 1)მთავარი პერსონაჟის
შესახებ არის ის, რომ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2)მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მის შესახებ მაინც
ის არის, რომ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
·
ენობრივი პრაქტიკის
მეთოდი- გულისხმობს მოსწავლეების მიერ შეთხზული ტექსტის თვალსაჩინოდ ჩაწერას და
ამ ტექსტზე მუშაობას. ტექსტი უნდა იყოს ავთენტური, ანუ სიუჟეტური.
·
,,ქოროს ტიპის კითხვა“-(პირველ კლასში) ჯერ
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს,შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ მასწავლებელთან ერთად
ხმამაღლა.
·
ერთობლივი წერა- დაფაზე მოცემულია
ცხრილები მარცვლებით:
+
|
დო
|
რი
|
ქი
|
ლა
|
მსგავსი ცხრილები ურიგდებათ ბავშვებსაც.დაფასთან გამოდიან სათითაოდ ,ადგენენ
ახალ სიტყვებს და წერენ ცხრილში. პარალელურად ავსებენ თავიანთ ცხრილებსაც.
·
ტეფი რაფაელის მეთოდი-გულისხმობს კითხვების
დასმას ტექსტიდან, რომლის დროსაც თანდათან იზრდება შეკითხვების დონე - ფაქტობრივი მასალის
ცოდნიდან -შეფასებამდე:
1),,იქვე ტექსტში“-პასუხი
ტექსტიდან
2),,იფიქრე და მოძებნე“-პასუხის
პოვნა რამდენიმე ადგილას
3),,ავტორი და მე“-ქვეტექსტი,ის,
რაც არ დევს ტექსტში, მაგრამ იგულისხმება
4),,ჩემი აზრით...“- საკუთარი
გამოცდილებით პასუხის გაცემა
·
3, 2, 1-ის მეთოდი-ხელს უწყობს ტექსტის
გაგება-გააზრებას
3 რამ, რაც ძალიან მომეწონა--------------------------------------------------------------
2 რამ, რასაც შევცვლიდი------------------------------------------------------------------
1 რჩევა შერჩეულ პერსონაჟს--------------------------------------------------------------
·
,,მე- კალამი“- თავიდან მიწოდებულ სიტყვებზე მოსწავლეები თვითონ
ქმნიან ავთენტურ ტექსტს, რომელსაც დაფაზე წერს მასწავლებელი, ბავშვები არიან ,,მწერლები“
·
მოდიფიცირებული ტექსტი- მოიცავს ბავშვების მიერ შეთხზულ ტექსტზე მუშაობას.
·
RAFTA- მოიცავს
ბლუმის ტაქსონომიის ზედა ზღვარს -აზროვნების მაღალ დონეს
R-როლი-ვის როლში შედიხარ
( რომელი პერსონაჟის პირით საუბრობ)
A-აუდიტორია- (ვის მიმართავ)
F-ფორმატი-რა ფორმით
(წერილი, განცხადება, მოწოდება...)
T-თემა-რა თემაზე
ნინო გურეშიძე, 25 ოქტომბერი, 2013 წელი
პრეზენტაციის ანგარიში
ღონისძიების დასახელება-სემინარი-პრეზენტაცია თემაზე: ,,ინოვაციური მეთოდები“
ჩატარების ადგილი : ბაზალეთის საჯარო სკოლა, დაწყებითი კლასების მასწავლებელთა
კათედრა
დრო : 22 ოქტომბერი, 2013 წელი
მიზანი და ამოცანები : კოლეგებისათვის ჯიპრაიდის ტრენინგებზე შესწავლილი ინოვაციური
მეთოდების გახსენება, თითოეულ მეთოდზე მოკლე ანოტაციის გაკეთება; მათგან პრაქტიკაში
აქტიურად გამოყენებული მეთოდების ანალიზი.მსჯელობა იმ მეთოდებზე, რომლებმაც ბავშვებს
უფრო გაუადვილა შედეგზე გასვლა,გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
რეზიუმე : შევიკრიბეთ კათედრაზე დაწყებითი კლასის მასწავლებლები
: ნინო გურეშიძე, ნინო ლოლაძე, მაია ჭიპაშვილი და ფიქრია ტალახაძე. დაგეგმილი გვქონდა
ორი თემის პრეზენტაცია : 1) ,,ინოვაციური მეთოდები“ (ნინო გურეშიძე) და 2) ,,მრავალმხრივი
ინტელექტის განვითარება დაწყებით კლასებში“(ნინო ლოლაძე). პირველ თემასთან დაკავშირებით
პრეზენტაცია გავაკეთე მე. კერძოდ, ავღნიშნე, რომ ჩვენი მიზანია კარგი მკითხველის აღზრდა;
ტექსტის გაგება-გააზრებაში ბავშვებს ეხმარება ე.წ. ,,მეტაკოგნიტური სტრატეგიები“, რომელიც
ფიქრის შესახებ ფიქრს ნიშნავს.წარმოვადგინე ,,ხმამაღლა ფიქრის“ მეთოდი თავის რვავე
სტრატეგიით. განვიხილე თითოეული მათგანი. ასევე დანარჩენი მეთოდებიც, ყველას დავურთე
მოკლე ანოტაციები. ეს მეთოდებია: გონებრივი იერიში, დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე, სიტყვების
გამომძიებელი, ექოს ტიპის კითხვა, მკითხველთა თეატრი, ვარაუდები ილუსტრაციების მიხედვით,
დაკარგული სიტყვები, ტექსტი ამბობს... მე ვფიქრობ... ამიტომაც... , წერა ქარგის მეთოდით,
ენობრივი პრაქტიკის მეთოდი, ქოროს ტიპის კითხვა, ერთობლივი წერა, ტეფი რაფაელის მეთოდი,
3,2,1-ის მეთოდი, მე-კალამი, მოდიფიცირებული ტექსტი, RAFTA-ს მეთოდი. პრეზენტაციის
დასრულების შემდეგ მუშაობა გავაგრძელეთ კითხვა-პასუხის რეჟიმში. კიდევ უფრო დავკონკრეტდით
მეთოდებზე, როგორიცაა: სიტყვების გამომძიებელი, ხმამაღლა ფიქრი და წერა ქარგის მიხედვით.
პრაქტიკულად განვიხილეთ მაგალითები, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ისინი წაკითხულის გაგება-გააზრების მიზნით. ვისაუბრეთ ჩვენს პრაქტიკულ
საგაკვეთილო პროცესებზე და ერთმანეთს გავუზიარეთ ამ მეთოდების გამოყენების გამოცდილება.
ღონისძიების
მნიშვნელოვნების დასაბუთება :
კათედრაზე ჩატარებული თემების პრეზენტაცია იყო საინტერესო და საქმიანი. კიდევ ერთხელ
დავაზუსტეთ ჩვენი ცოდნა ტრენინგებზე შესწავლილი ინოვაციური მეთოდების შესახებ; გავიხსენეთ,
როგორ უნდა დავნერგოთ ისინი პრაქტიკაში და უკვე დანერგილის და გამოცდილის შესახებ გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები.
კიდევ ერთხელ მოგვეცა თანამშრომლობისა და პედაგოგიური პრაქტიკის დახვეწის საშუალება.
საჯთარ კლასში აპრობირებული მეთოდები დავინახეთ კოლეგების თვალითაც; გაგვიჩნდა მოტივაცია
ჯერ კიდევ გამოუცდელი სტრატეგიების აქტიურად გამოყენებისა და ჩვენი მოსწავლეების საჭიროებებზე
მორგების. გადავწყვიტეთ მომავალშიც რეგულარულად მოვაწყოთ კათედრაზე მსგავსი პრეზენტაციები
აქტუალურ თემებზე.
ხელმოწერა : ნინო გურეშიძე
თარიღი : 24 ოქტომბერი,
2013 წელი
ტექსტის გაგება-გააზრება ხმამაღლა
ფიქრის მეთოდით
სწორად შერჩეული ტექსტი, შემოქმედებითობა,
იმპროვიზაცია, ფანტაზია, მონდომება- ხმამაღლა ფიქრის მეთოდით ჩატარებულ გაკვეთილს უაღრესად
მრავალფეროვანსა და ბავშვებისათვის დაუვიწყარს ხდის.ეს მეთოდი შეიცავს კითხვის რვა
სტრატეგიას, როგორიცაა: 1) ვარაუდების გამოთქმა,
2)ვიზუალიზება, 3)ახსნა-განმარტება, 4)პირადი დამოკიდებულების გამოხატვა, 5)შეკითხვების დასმა, 6)კავშირების დამყარება,
7)შეჯამება, 8)რეფლექსია/შეფასება.
ხმამაღლა ფიქრი გულისხმობს: ,,მე ჩემს
ფიქრებს ხმამაღლა გამოვთქვამ. თქვენ დაინახავთ და გაიგონებთ, რა ხდება ჩემს გონებაში,
როცა მე ვკითხულობ.ასე,რომ ძალიან საინტერესო მოგზაურობა გელით- თქვენ ჩემი ფიქრების
სამყაროში იმოგზაურებთ.ამ მოგზაურობისთვის თქვენივე ფიქრებიც დაგჭირდებათ, რომლებიც
გონებაში სწორედ ტექსტის წაკითხვის დროს გაჩნდება“.
შევარჩიე ტექსტი-
ირმა მალაციძის მოთხრობა: ,,თეთრი ბელი და ფერადი ყინულოვანი
ოკეანე“ და წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიძლება მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს მის
გაგება-გააზრებაში ხმამაღლა ფიქრის მეთოდის გამოყენებით.
წაკითხვამდე-გაკვეთილის დასაწყისშივე
ვზრუნავ ბავშვების მოტივირებაზე და ვახდენ მათ პროვოცირებას: ,,დღეს განსაკუთრებით
ვემზადებოდი თქვენთან შესახვედრად, რადგან ძალიან საინტერესო ტექსტი მოგიმზადეთ და
მინდოდა გამეცნო თქვენთვის. გზად უცნაური ამბავი შემემთხვა-პატარა ბელი ვნახე, მონადირეებს
მოჰყავდათ,დედას დაკარგვია თურმე! გავზრდით და ისევ ტყეში დავაბრუნებთო. ისეთი ლამაზი
იყო, ფუმფულა, წაბლისფერი, ძალიან საყვარელი... თქვენ თუ გინახავთ ბელი? სავარაუდოდ,
მეტყვიან, რომ ეკრანზე, ან ზოოპარკში ჰყავთ ნანახი. ვაჩვენებ ბელის სურათს,ან მის ფუმფულა სათამაშოს.
აბა, მითხარით, როგორია ბელი! ბავშვების პასუხების მოსმენის შემდეგ ხმამაღლა ვკითხულობ
შესასწავლი ტექსტის სათაურს: ,,თეთრი ბელი და ფერადი ყინულოვანი ოკეანე“
კითხვის პროცესში
- ვიწყებ სტრატეგიით ,, ვარაუდების
გამოთქმა“ ,,თქვენ იცით, რომ სათაური ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ ფიქრობთ,რაზე იქნება ტექსტში საუბარი? გაიხსენეთ ბუნებაში ნასწავლიდან, სად ცხოვრობს თეთრი დათვი? რატომ არის ის თეთრი
ფერის? ბავშვები იხსენებენ, რომ თეთრი დათვი ჩრდილოეთში ცხოვრობს და მტრისთვის რომ
შეუმჩნეველი იყოს თავისი საცხოვრებელი გარემოს მსგავსად თეთრი ფერისაა.
მაგრამ აქ რომ ,, ფერადი ოკეანე“ წერია? როგორ შეიძლება გახდეს ოკეანე ფერადი? იქნებ
ფერადი გემებით გაივსო, ან ბავშვებმა ხომ არ მორთეს? მოსწავლეებიც გამოთქვამენ ვარაუდებს
ამის შესახებ. კარგი, აბა ვნახოთ, გამართლდება, თუ არა თქვენი ვარაუდი!
ვკითხულობ ტექსტის პირველ აბზაცს: ,,თეთრი ბელი თავის მშობლებთან, თეთრ
დათვებთან ერთად დედამიწის ყველაზე თეთრ კუნძულზე ცხოვრობდა. წელიწადის ნებისმიერ დროს
ირგვლივ თოვლი იდო, ყინვა უჭერდა და ყველაფერს თეთრად გაუდიოდა ქათქათი. და საერთოდ,
თეთრ ბელს სხვა ფერი არასოდეს ენახა, თუ ცისფერ ცას და ხანდახან გამოჩენილ მზის ოქროსფერ
სხივებს არ ჩავთვლით. მზის სხივებზე თოვლი ისე ბრწყინავდა, რომ თვალის გასწორება დათვებსაც
კი უჭირდათ. მისი წინაპრები ისე იბადებოდნენ და კვდებოდნენ, არ იცოდნენ, არსებობდა
თუ არა ამქვეყნად ისეთი ფერადი და ლამაზი სამყარო, რომელშიც, მაგალითად, ჩვენ ვცხოვრობთ“
ვიზუალიზება- აბა, ერთი წამით თვალები დავხუჭოთ
და ყველამ წარმოვიდგი-ნოთ თეთრი კუნძული, ქათქათა თოვლით, ცისფერი ცა, მზე და მისი
ბრჭყვიალა, ოქროსფერი სხივები... აი, თითქოს ვხედავ თეთრ ბელს, როგორი ფუმფულაა, ძლივს
ჩანს ამ უსასრულო სითეთრეში... მხოლოდ პაწია ცხვირი უჩანს შავად... აგერ, მისი მშობლებიც...
რა სანახავები არიან! - უზარმაზარები, ცოტათი საშიშებიც კი...
კავშირების დამყარება- თქვენც ხომ გინახავთ,
ზოგჯერ ერთ ღამეში იმხელა თოვლი მოსულა, სულ თეთრად ჩანს ხოლმე ყველაფერი, გეგონება
ზამთარმა თოვლის ქათქათა ზეწარი გადააფარა სახლებს, ეზოებს, ტყე-ველს... თოვლი თითქოს
ფერებს ართმევს გარემოს და დროებით ყველგან მხოლოდ სითეთრე გამეფდება...ბავშვები იხსენებენ
მსგავს შემთხვევებს რეალური ცხოვრებიდან, ანუ კავშირებს ამყარებენ წაკითხულსა და პირად
გამოცდილებას შორის.
,,წესით, არც ჩვენი
ბელი უნდა ყოფილიყო გამონაკლისი, მაგრამ ერთი უცნაური ამბის შემდეგ წარმოდგენა შეეცვალა-
საოცარი, ლამაზი, ფერადი სიზმარი ნახა“ ვარაუდების
გამოთქმა- როგორ ფიქრობთ, რა სიზმარს ნახავდა ბელი? რაკი ფერადი იყო სიზმარი, ალბათ
ყველაფერი ნაირ-ნაირი ფერებით იქნებოდა სავსე! ბავშვები ვარაუდობენ, რა შეიძლებოდა
დასიზმრებოდა ბელს. მეც ბავშვებთან ერთად ,,ხმამაღლა ვფიქრობ“ და ბელის სიზმრის სხვადასხვა
ვარიანტებს ერთად ვიგონებთ. აბა ვნახოთ, რამდენად გამართლდა ჩვენი ვარაუდები!
,,სიზმარში
ხეები მწვანე იყო, ყვავილები- წითელ-ყვითელი, ზღვა-ლურჯი და ყველაფერი ერთად-ისეთი
ლამაზი, ისეთი ლამაზი,რომ ბელს მოსვენება დაეკარგა. გაღვიძებისთანავე მოუყვა მშობლებს
თავისი სიზმრის შესახებ და სთხოვა, იმ ქვეყანაში წამიყვანეთ, სადაც ასეთი ფერებიაო.
შეწუხდნენ დედა და მამა დათვები- ჩვენი სახლი აქ არის და ვერსად ვერ წავალთ. წარმოდგენა
არ გვაქვს, არის თუ არა სადმე ასეთი ქვეყანაო,-აიჩეჩეს მათ მხრები.“ ახსნა-განმარტება-
რას ნიშნავს მხრები აიჩეჩეს? ეს როგორ გავიგოთ? ალბათ ადამიანს რაღაც რომ აეჭვებს,
ზუსტად არ იცის, ამ შემთხვევაში ამბობენ ,,მხრები აიჩეჩაო“, ბელის დედ-მამასაც ხომ
წარმოდგენა არ ჰქონდათ ფერად ქვეყანაზე! მოდით მოქმედებით გავაცოცხლოთ, როგორ აიჩეჩეს
მხრები მშობლებმა! ბავშვები სათანადო გამომეტყველებით ასრულებენ და იაზრებენ, რას ნიშნავს
მხრების აჩეჩვა.
,,დაღონდა ბელი, ძალიან დაღონდა, ატირდა. თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა,
რომელიც მაშინვე ყინულის პატარა ნამცეცებად იქცა. შეკითხვების დასმა- ცრემლები ყინულებად როგორ იქცა ნეტავ? ძალიან მოწყენილი
რომ იყო, იმიტომ ხომ არა? სავარაუდოდ, ბავშვები შეძლებენ მიხვდნენ, რომ ჩრდილოეთის
ყინვაა ცრემლების ყინულად ქცევის მიზეზი.
,,უცებ, სად
იყო და სად არა , თოლია მოფრინდა. - რამ დაგაღონა, რად ტირი?- შეეკითხა თოლია ბელს.-
ფერად ქვეყანაში მინდა წასვლა. - შესჩივლა ბელმა. - შენ საიდან იცი, რომ ასეთი ქვეყანა
არსებობს? - გაოცდა თოლია. - ვიცი, სიზმარში ვნახე. მეც მინდა ლამაზი ფერების ნახვა,
- მოუმატა ტირილს ბელმა.თოლიამ ამოიოხრა და სადღაც გაფრინდა.“ პიროვნული რეაგირება-შეჯამება- როგორ ფიქრობთ,
რატომ ამოიოხრა თოლიამ, ჩაწვდა ბელის დარდის
მიზეზს? იქნებ არც არაფრად მიიჩნია მისი ტკივილი, თვითონ ხომ ფერად ქვეყანაში ცხოვრობდა!
რაღაც არ მომწონს მისი ასე უსიტყვოდ გაფრენა, ბელი არც კი დაამშვიდა, ვაითუ აღარც დაბრუნდეს
უკან! თქვენ როგორ იქცევით ხოლმე როცა ვინმე მოწყენილია და ტირის, ცდილობთ გაიგოთ მიზეზი
და დაეხმაროთ? გაიხსენეთ, თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა, ან სხვა თუ ცდილა თქვენი წუხილის
მიზეზი გაერკვია და დაემშვიდებინეთ? რაზე მიგანიშნებთ თოლიას ამოოხვრა, ეცდება, თუ
არა რაღაცით დაეხმაროს ბელს, თუ გაფრინდება და მალე დაივიწყებს მის გასაჭირს? ნეტავ
მარტო დატოვებს დამწუხრებულ ბელს თავის დარდთან? მე ვფიქრობ, თოლია აუცილებლად დაბრუნდება და თუ დახმარებას ვერ შეძლებს, ბელს ფერადი ქვეყნის
ამბებს მოუყვება, ცოტა მაინც რომ დაამშვიდოს.
,,გავიდა ერთი
დღე, ორი,სამი, ოთხი... და თოლია ისევ დაბრუნდა.ნისკარტით უცნაური კოლოფი მოიტანა.
ვარაუდების გამოთქმა -ნახეთ, არ გამოდგა
თოლია გულგრილი, ეტყობა ბელის დარდმა მოსვენება დაუკარგა. რას ფიქრობთ, რა შეიძლება
იყოს იმ კოლოფში? ჯადოსნური ჯოხი ხომ არა? იქნებ ტკბილეულობა, რომ ბელს ფერად ქვეყანაზე
ფიქრი დაავიწყოს? სავარაუდოდ,ბავშვები უამრავ საინტერესო ვარიანტს შემომთავაზებენ.
კავშირების დამყარება-თქვენ რა გაგახარებდათ
მოწყენილი რომ ყოფილიყავით? რა დაგავიწყებდათ დარდს? გაიხსენეთ, ვინმემ საჩუქრით გუნება
თუ გამოგიკეთათ!
,,კოლოფში მრგვალი,
ფერადი საღებავები და ფუნჯი ეწყო. მისცა ბელს და უთხრა.-ახლა შეგიძლია შენ თვითონ მოხატო
შენი კუნძული. გაიხარა ბელმა, აიღო ფუნჯი და თოვლზე ყვავილები მიახატა. მერე მწვანე
საღებავით ბალახიც დახატა, ბუჩქებიც, ლურჯით-პატარა რუ. მალე მთელი კუნძული გააფერადა. ირგვლივ ისეთი
სილამაზე იყო,
დათვები გაოცებას ვერ ფარავდნენ. გამხიარულდა, აჭრელდა შავ-თეთრი კუნძული.
აქამდე თუ მოწყენილობა სუფევდა, ახლა ყველა გამოცოცხლდა.ყველაზე მეტად ბელს უხაროდა.
მოსწონდა გარემო და თავს ისე გრძნობდა, თითქოს თავის ლამაზ სიზმარში დაბრუნდაო. ვიზუალიზება- აბა, წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურებოდა
გაფერადებული კუნძული, გამოცოცხლებული გარემო, გაოცებული დათვები., გამხიარებული ბელი...
ნახეთ, როგორ აუცხადდა სიზმარი! რა სასიამოვნოა, როცა სურვილები გვისრულდება! თოლიაც
წარმოიდგინეთ! როცა მოთხრობაში პირველად შევხვდით, ბელის მოწყენამ მასაც გაუფუჭა ხასიათი,
ხომ გახსოვთ, როგორ ამოიოხრა! აბა, ახლა როგორ თოლიას ხედავთ? სავარაუდოდ, მეტყვიან:
კმაყოფილს, გაღიმებულს, ბედნიერს, რომ შეძლო სხვისთვის სიხარული მიენიჭებინა. ახსნა-განმარტება- ნეტავ რას ნიშნავს ,,მოწყენილობა
სუფევდა“? თქვენ როგორ გგონიათ? ალბათ უფერული რომ იყო ყველაფერი, მხიარულად ვერ გამოიყურებოდნენ.
ფერები არ ჰქონდათ და ალბათ ერთმანეთისაგან არც განსხვავდებოდნენ, არც ჩანდნენ. ბავშვებთან ერთად დავაზუსტებ, რომ ,,მოწყენილობა
სუფევდა“ ნიშნავს ყველაფერი მოწყენილი იყო, ყველგან სევდა გამეფებულიყო.
,,იმის
შემდეგ აღარ დაუწუწუნია, არც მშობლიური კუნძულის დატოვებაზე დაუძრავს კრინტი. თოლიას
დიდი მადლობა გადაუხადა და აღარასოდეს აღარ უტირია. ამის შემდეგ მხოლოდ კარგ განწყობაზე
იღვიძებდა, ვინაიდან იცოდა, რომ თვალს არ მოსჭრიდა ერთფეროვანი, თეთრი სიკაშკაშე“
წაკითხვის
შემდეგ - პიროვნული დამოკიდებულება-რეფლექსია - ხედავთ, როგორ შეიცვალა
ბელის ცხოვრება? როგორი მხიარული გახდა! არ მოუწია მშობლიური მხარისა და მშობლების
მიტოვება, თანაც ოცნებაც აისრულა! და ეს ყველაფერი კეთილი თოლიას დახმარებით შეძლო!
ნეტავ თოლია დარჩება ბელთან? ახლა ბელიც ხომ ფერად ქვეყანაში ცხოვრობს! იქნებ დამეგობრდნენ
კიდეც და ერთად გაიხარონ თავიანთი შექმნილი ფერადი ქვეყნის ყველა სიკეთით! მიხვდით,
რა შეძლებია სხვისი დარდის, წუხილის გაზიარებას? თოლიაც ალბათ ძალიან ბედნიერია, ბელს
რომ ოცნება აუსრულა და უფერული გარემო გააცოცხლა. ირგვლივ გამეფებული მხიარულების მიზეზი
ხომ თვითონაა! გიფიქრიათ იმაზე, რომ როცა სხვისთვის სიკეთეს აკეთებ, ამით შენც უდიდეს
სიამოვნებას იღებ? თოლია ალბათ ბელზე არანაკლებ
ბედნიერად გრძნობს თავს. ნახეთ, ეს ერთი შეხედვით უბრალო მოთხრობა რა დიდ სიბრძნეს
გვასწავლის! მიხვდით, რისი თქმა უნდოდა ავტორს? საკუთარი თავი არ გაგახსენდათ? მეც
მქონია ასეთი შემთხვევა, როცა შევძელი
სხვისთვის დარდი სიხარულით შემეცვალა. თქვენ მსგავსი არაფერი გახსენდებათ? ნებისმიერი
ჩვენგანი თოლიასავით სხვის ტკივილს თუ გავითავისებთ და ერთმანეთის კარგ განწყობაზე
ვიზრუნებთ, როგორ ფიქრობთ, ვინმესთვის მოსაწყენი იქნება ცხოვრება? თან ჩვენც მუდმივად
გაგვახარებს იმის განცდა, რომ გარშემომყოფთა სიხარულის მიზეზები ვართ!
ამ გაკვეთილზე ჩემს
მიერ გამოყენებული ,,ხმამაღლა ფიქრის მეთოდი“
საკმაოდ არაერთგვაროვანია, საგაკვეთილო პროცესის აღწერაც არ არის ტრადიციული. ეს არის
ტექსტის გაგება-გააზრებისადმი ინოვაციური მიდგომა. ვცადე გადმომეცა, როგორ შეიძლება
მასწავლებელმა ბავშვები მიაჩვიოს ფიქრს, მსჯელობას, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას
წაკითხულის მიმართ. ყველაფერი ეს კი აუცილებელი პირობაა გაგება-გააზრებისათვის და იმ
სასურველ შედეგზე გასასვლელად, რასაც კარგი მკითხველი და წარმატებული მოსწავლე ჰქვია.
24 დეკემბერი,2013 წელი,
ჩაქვი,ეროვნული კონფერენცია
ანგარიში
ღონისძიების დასახელება : ,,ეროვნული კონფერენცია ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“
ჩამტარებელი
ორგანიზაცია : მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი
ჩატარების
ადგილი : ჩაქვი, 23-25 დეკემბერი,
2013 წელი
მიზანი
და ამოცანები : ცენტრის
მუშაობის ანგარიშის მოსმენა, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის-ზოგადი
პრინციპების გაცნობა, განმავითარებელი შეფასების არსისა და მნიშვნელობის გააზრება,
ციფრული წიგნიერების მნიშვნელობა, მასწავლებელთა საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის ურთიერთგაზიარების
მიზნით პრეზენტაციების მოწყობა-სექციური მუშაობა.
რეზიუმე
: 2013 წლის 23 დეკემბერს,
დილით, კონფერენციის მონაწილეები ორგანიზებულად, გავემგზავრეთ ჩაქვში. დღის მეორე ნახევარში
ჩატარდა მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია. კონფერენცია გახსნა ცენტრის დირექტორის მოადგილემ თეა კვინტრაძემ. მისასალმებელი
სიტყვებით მოგვმართეს ბათუმის შოთა რუსთაველისა და ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის
წარმომადგენლებმა. შემდეგ მოვისმინეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მუშაობის ანგარიში (მომხსენებელი- თეა კვინტრაძე).
მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია შემდეგმა გამომსვლელმა-გიორგი
გახელაძემ, რომელიც გვესაუბრა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის
ზოგადი პრინციპების შესახებ. მართალია, მოწოდებულ ინფორმაციას ჯერ კიდევ პროექტის ფორმა
ქონდა, მაგრამ როგორც ბატონმა გიორგიმ გვითხრა, დიდი ალბათობაა ამ სახით იქნეს მიღებული.
არსებულ დებულებასთან შედარებით იგი ბევრად უფრო დახვეწილი, ადვილადმიღწევადი და რეალურია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალი დებულების პროექტი ითვალისწინებს ყველა პედაგოგის ჩართვას სქემაში, მიუხედავად სერთიფიცირებისა, რაც
მათ შანსს აძლევს დააგროვონ კრედიტები,
მიიღონ შესაბამისი კატეგორიები და გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა გაზრდილი ხელფასის
სახით.
საინტერესო იყო ნინო ლაბარტყავას
მიერ გაკეთებული მოხსენება განმავითარებელი შეფასების შესახებ. მან თქვა, რომ დღის
წესრიგში დგას უნიშნო შეფასება, დაკვირვება და განმავითარებელი კომენტარი. შეფასების
მიზანი უნდა იყოს ბავშვის განვითარება და სწავლის ხარისხის გაზრდა. განმავითარებელი
შეფასება საშუალებას იძლევა სწორი და დროული რეკომენდაცია მივაწოდოთ მოსწავლეს პრობლემების
დასაძლევად. აღნიშნა, რომ შეფასებისას აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა. ეს იქნება
21-ე საუკუნის სწავლება, რომელიც განუვითარებს მოსწავლეებს თვითრეგულაციის უნარს, ანუ
რა ისწავლონ და როგორ.
ციფრული წიგნიერების მნიშვნელობის
შესახებ გვესაუბრა ზაქრო გიუნაშვილი. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია მოსწავლეებს განუვითაროთ
ციფრული, იგივე რაოდენობრივი წიგნიერება თამაშების ინტეგრირებით, ანუ თამაშით სწავლებას
მივმართოთ. უნდა გავაფართოვოთ თამაშზე დაფუძნებული მეთოდიკის გამოყენებით სწავლების
დიაპაზონი. ეფექტური სასწავლო თამაშის სწავლებისას ხდება ახალი ცოდნის კონსტრუირება.
მოსწავლე უბრალოდ გამზადებულ თამაშს კი არ იყენებს, თვითონ ქმნის მასწავლებელთან ერთად.
ეს პროცესი მოითხოვს ბავშვისგან მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოყენებას და არსებული
ცოდნის გააქტიურებას. მომხესენებელმა გაგვაცნო ,,Game Maket“ უფასო საიტი
თამაშების შექმნის საორიენტაციოდ. დღის
ბოლოს მოხდა კონფერენციის მუშაობის შეჯამება.
მეორე დღეს, 24 დეკემბერს, დილიდან დაიწყო სექციური მუშაობა. გადავნაწილდით
საგნების მიხედვით სხვადასხვა დარბაზში და მოეწყო გამარჯვებული თემების პრეზენტაციები.
მოვისმინე და ვნახე ძალიან საინტერესო ნამუშევრები, რომლებმაც უამრავი იდეა გამიჩინა
ჩემს მოსწავლეებთან სამუშაოდ და მსაგავსი პროექტების საკეთებლად. ჩემი პრეზენტაციაც
: ,,ტექსტის გაგება -გააზრება ხმამაღლა ფიქრის მეთოდით“ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა
და კოლეგების მოწონება დაიმსახურა. ბევრმა გამოთქვა ჩემი გამოცდილების გაზიარების სურვილი.
მესამე დღეს კვლავ ორგანიზებულად გამოვემგზავრეთ უკან.
ღონისძიების
მნიშვნელოვნების დასაბუთება : ჩემთვის
მნიშვნელოვანი და საამაყო იყო, რომ გავხდი პირველი ეროვნული კონფერენციის მონაწილე.
მოვისმინე ბევრი სიახლე, გავეცანი წარმატებული კოლეგების საუკეთესო სასკოლო პრაქტიკის
ნიმუშებს, მნიშვნელოვნად გავიმდიდრე ჩემი პედაგოგიური გამოცდილება, გავხდი მოტივირებული,
რომ მომავალში უკეთ დავგეგმო და წარვმართო მუშაობა ჩემს მოწავლეებთან.შეძენილ ცოდნას
და გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს, მათთან ერთად ჩავატარებ სასწავლო
კონფერენციებს სკოლის ბაზაზე აქტუალურ თემებზე.
ხელმოწერა : ნინო გურეშიძე
თარიღი : 28 დეკემბერი,
2013 წელი
კონფერენციის ანგარიში
ღონისძიების დასახელება : კონფერენცია
ჩამტარებელი ორგანიზაცია : ბაზალეთის საჯარო
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი
ჩატარების ადგილი : ბაზალეთის საჯარო სკოლა
მიზანი და ამოცანები : ურთიერთგამოცდილების
გაზიარება, შედეგზე ორიენტირებული, წარმატებული სასკოლო პრაქტიკის განზოგადება, ინოვაციური
მეთოდების წარდგენა-განხილვა.
რეზიუმე : 2014 წლის 29 იანვარს, ბაზალეთის
საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველი სასწავლო კონფერენცია. კონფერენციაზე წარდგენილი იქნა
4 თემა :
·
ტექსტის გაგება-გააზრება ხმამაღლა ფიქრის მეთოდით (ნინო
გურეშიძე)
·
გამართული კითხვის სტრატეგიები (თეა ტალახაძე)
·
საინფორმაციო ტექსტის სწავლების ინოვაციური მეთოდები
და სტრატეგიები ( ნინო ლოლაძე )
·
საუკუნის მაგისტრალი ( ეკა მესხი )
პირველ თემასთან
დაკავშირებით პრეზენტაცია გავაკეთე მე. კოლეგებს გავუზიარე ეროვნულ კონფერენციაზე-
,,საუკეთესო საწავლო პრაქტიკა“ გამარჯვებული თემა. იგი შეეხებოდა ტექსტის გაგება-გააზრებისადმი
ინოვაციურ მიდგომას. ვისაუბრე, თუ როგორ შეიძლება მასწავლებელმა ბავშვები მიაჩვიოს
ფიქრს, მსჯელობას, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას წაკითხულის მიმართ. დავასაბუთე
რამდენად მნიშვნელოვანია გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი და როგორ უნდა დაიცვას მასწავლებელმა
ბალანსი, რათა სამივე ფაზა იყოს მკვეთრად გამოხატული. ვიმსჯელე, ხმამაღლა ფიქრის რომელი
სტრატეგიებია ეფექტური კონკრეტულ ფაზაზე, ანუ- წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის
შემდეგ.
შემდეგმა გამომსვლელმა,
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეა ტალახაძემ, გაგვიზიარა 2013 წლის ოქტომბერში
მის მიერ ქართულ ლიტერატურაში გავლილ გრძელვადიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილება.
კერძოდ, წარმოგვიდგინა ინოვაციური მეთოდები : ,,მნიშვნელოვანი სიტყვები“ , ,,სიტყვების
კედელი“ , ,,ორიენტირებული კითხვა“ , ,,ლექსიკური ერთეულებით ამბის შედგენა“ და ,,საავტორო
სკამი“. თეამ თითოეული სტრატეგია განიხილა კონკრეტული გაკვეთილის ფონზე და დაგვისაბუთა,
თუ რამდენად უწყობს ხელს მათი აქტიური გამოყენება მოსწავლეებში გამართული კითხვის უნარის
ჩამოყალიბებას.
საინტერესო იყო დაწყებითი კლასების
პედაგოგის, ნინო ლოლაძის პრეზენტაცია თემაზე: ,, საინფორმაციო ტექსტის სწავლების ინოვაციური
მეთოდები და სტრატეგიები“. ნინო გვესაუბრა, თუ როგორ შეიძლება გავუადვილოთ საინფორმაციო
ტექსტების გაგება - გააზრება ბავშვებს ეფექტური სტრატეგიების დახმარებით. მან განიხილა
ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა: ,,ლექსიკონის მოდელი“ , ,,სიტყვის ვერბალური და ვიზუალური
ასოციაციები“ , ,,ურთიერთსწავლების მეთოდი“ , ,,ცნებების რუკა“ , ,,კითხვა ნიშანთა
სისტემით“ , ,,სიტყვების გამომძიებელი“ და ,,სემანტიკურ თვისებათა ანალიზი“.ნინომ ამ მეთოდების
გამოყენებით წარმოგვიდგინა ერთი გაკვეთილის ანგარიში. გაკვეთილის მიზანი იყო დახმარებოდა
მეოთხე კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტის ,,კოლიბრის“ გაგება-გააზრებაში. დავრწმუნდით,
რომ კოლეგის მიერ დაგეგმილი აქტივობები ნამდვილად უზრუნველყოფდა შედეგზე გასვლას.
კონფერენციის დასკვნით ეტაპზე,
თემაზე ,,საუკუნის მაგისტრალი“, მოხსენება გააკეთა გეოგრაფიის მასწავლებელმა ეკა მესხმა.
პრეზენტატორმა ყურადღება გაამახვილა ნავთობსადენის შექმნის ისტორიაზე, მოგვაწოდა ცნობები
1996 წლის ხელშეკრულების შესახებ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოსა და აზერბაიჯანის
ორი უდიდესი ერთობლივი პროექტის დაწყებას,
როგორიცაა ,,ბაქო-სუფსისა“ და ,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ საუკუნის მაგისტრალების განვითარება.
ეკამ აღნიშნა, რომ ამ პროექტმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა დაებრუნებინა თავისი
სატრანსპორტო - გეოგრაფიული მდებარეობა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე
გასვლას.
ბოლოს, შევაჯამე კონფერენცია და მადლობა გადავუხადე მონაწილეებს
საინტერესო ნამუშევრების წარმოდგენისათვის. გამოვთქვი სურვილი, რომ მსგავს კონფერენციებს
ჩვენს სკოლაში მიეცეს ტრადიციული ხასიათი. სასრველია, 2 თვეში ერთხელ მოვაწყოთ პრეზენტაციები
და ყველა მასწავლებელს მიეცეს საშუალება გაგვიზიაროს თავისი პედაგოგიური პრაქტიკა.
სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა
იზოლდა ოკრიბელაშვილმა გამოხატა მხარდაჭერა და მადლიერება კონფერენციის მონაწილეთა
მიმართ. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები საუკეთესო საშუალებაა ჩვენი მუშაობის
გაუმჯობესებისა და სასწავლო მეთოდების გამრავალფეროვნების მიზნით, ერთმანეთის გამოცდილების
გაზიარება კი გაგვიადვილებს სასურველ შედეგზე გასვლას. ქ-მა იზოლდამ პრეზენტატორები
სიგელებით დაგვაჯილდოვა.
ღონისძიების მნისვნელოვნების დასაბუთება : კონფერენციამ მიზანს
მიაღწია-ჩვენი კოლეგების დაინტერესება შევძელით. მასწავლებლებმა გამოთქვეს სურვილი
განხილული მეთოდების საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვის. ბევრმა მათგანმა გამოხატა
მზაობა მომავალ კონფერენციაზე მიიღოს მონაწილეობა უკვე, როგორც პრეზენტატორმა. ვთვლი,
რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი სკოლის მომავალი წარმატების მიზნით.
ხელმოწერა : ნინო გურეშიძე
თარიღი
: 31 იანვარი, 2012 წელი
თეა ტალახაძე
ნინო ლოლაძე
ეკა მესხი
კონფერენციის შეჯამებისას
სკოლის დირექტორის პოზიტიური შეფასება
დაჯილდოება
პრეზენტატორები ქ-ნ იზოლდასთან ერთად
კონფერენციის შემდეგ
კონფერენციის ანგარიში
ღონისძიების დასახელება: მასწავლებელთა მეორე
ეროვნული კონფერენცია
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფგანვითარების
ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი და დრო: ქ. წყალტუბო,
15,16,17 დეკემბერი, 2014 წელი.
მიზანი და ამოცანები:
15 დეკემბერი
·
კონფერენციის გახსნა- ლაშა მკურნალიძე,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის რეგიონალური კოორდინაციის
სამსახურის უფროსი;
·
პრეზენტაცია: ,,პროექტებზე
დაფუძნებული სწავლება“ - მომხსენებელი: ზაქარია გიუნაშვილი - ცენტრის საგნობრივი
კონსულტანტი;
·
პრეზენტაცია - ,,სწავლის დიფერენციაცია მრავალმხრივ ინტელექტზე დაყრდნობით“-მომხსენებელი:
ნინო ლაბარტყავა - ცენტრის საგნობრივი კონსულტანტი.
·
საგნობრივ კონსულტანტებთან შეხვედრა.
16 დეკემბერი
სექციური მუშაობა საგნობრივ ჯგუფებში.
17 დეკემბერი
მონაწილეთა დაჯილდოება და კონფერენციის დახურვა
რეზიუმე: მეორე ეროვნული კონფერენცია გახსნა
ბატონმა ლაშა მკურნალიძემ. მონაწილეებს მოგვესალმნენ მასწავლებელთა სახლის საგნობრივი
კონსულტანტები,
ქუთაისისა
და ბათუმის უნივერსიტეტების
წარმომადგენლები. შემდეგ მოვისმინეთ საინტერესო პრეზენტაცია პროექტებზე დაფუძნებული
სწავლების შესახებ. მომხსენებელმა დაგვისაბუთა, რომ სწავლების ეს ფორმა გაცილებით საინტერესო
და შედეგიანია, თანაც იწვევს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას და მოტივირებას შესასაწავლ
თემასთან დაკავშირებით.
არანაკლებ საინტერესო
აღმოჩნდა ჩემთვის ნინო ლაბარტყავას მიერ გაკეთებული პრეზენტაცია: ,,სწავლის დიფერენციაცია
მრავალმხრივ ინტელექტზე დაყრდნობით“. მომხსენებელმა ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ
მოსწავლეთა სხვადასხვა სახის ინტელექტი სასწავლო მიზანზე გასასვლელად, თუკი მოვახდენთ
დიფერენცირებას და სწორად დავგეგმავთ თვითოეული მოსწავლისათვის შესაბამის აქტივობას.
შესვენების შემდეგ, კონფერენციის მონაწილენი ერთად
შევიკრიბეთ საგნობრივ ჯგუფებში და გავიცანით ერთმანეთი. შევხვდით ჩვენს საგნობრივ კონსულტანტს
- ნინო ლაბარტყავას, რომელთანაც გავიარეთ კონსულტაცია მეორე დღეს დაგეგმილ სექციურ
მუშაობასთან დაკავშირებით.
მეორე დღეს, 16 დეკემბერს, მონაწილეებმა
გავაკეთეთ გამარჯვებული თემების პრეზენტაციები. მე წარმოვადგინე პროექტი : ,, ძველად
და ახლა, ანუ, როცა ბებო ჩემი ტოლი იყო“, რომელმაც კოლეგების მოწონება და დაინტერესება
გამოიწვია. სამუშაო დღის ბოლოს, სპეციალური კითხვარის საშუალებით, შევაფასეთ ერთმანეთის
პრეზენტაციები და ასევე საკუთარი თავიც. ამ შეფასების საფუძველზე, ყველაზე მაღალი ქულების
მქონე სამი მასწავლებელი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის დასკვნით ეტაპზე თბილისში,
29 დეკემბერს.
მესამე დღეს მოეწყო მონაწილეთათვის
სერტიფიკატების გადაცემა, კონფერენციის შეჯამება და დახურვა.
ნინო, ძალიან მომეწონა შენი პორტფოლიო! ნანა ედიშერაშვილი
ReplyDeleteმეც ძალიან მომეწონა კარგია
ReplyDeleteნინო ძალიან მომეწონა თქვენი პორტფოლიო. წარმატებებს გისურვებთ.
ReplyDeleteმომეწონა თქვენი პორტფოლიო.
ReplyDelete