Saturday, January 4, 2014

ტრენინგების ანგარიშები

                                                      ანგარიში
ღონისძიების დასახელება : ,, როგორ ვიმუშაოთ  პედაგოგიურ კვლევებზე და
                                                       სასწავლო პროექტებზე“
ტრენინგი ჩატარდა ზესტაფონის #7 საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
ტრენინგის ხანგრძლივობა : 4 დღე, ტრენერი: ნინო ჩიხლაძე
მიზანი და ამოცანები : როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები და რა თავისებურებები გააჩნია მას. კვლევის ქეისის განხილვა: როგორ შევარჩიოთ კვლევის მეთოდები, როგორ ხდება მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვა, სასწავლო პროექტის ძირითადი თავისებურებები, პროექტის შეფასების რუბრიკები, როგორ ვიკვლიოთ ერთმანეთის საგაკვეთილო პროცესები, კათედრებზე მუშაობა, როგორი უნდა იყოს სქემაში ჩართული მასწავლებლის პორტფოლიო, როგორ უნდა შევქმნათ ღონისძიების ანგარიში და მისი ფორმები
რეზიუმე: ტრენინგის დასაწყისში დავაზუსტეთ, თუ რატომ ჩავერთეთ სქემაში, რა პრინციპით ავირჩიეთ შვიდი წლის მანძილზე გაწერილი აქტივობები; რომელი აქტივობის განხორციელება გვიძნელდება, ან რომელია ჩვენთვის უფრო ადვილად დასაძლევი. ვიმსჯელეთ, აისახება თუ არა რეალურად ჩვენს პროფესიულ ზრდაზე სქემაში ჩართვა და დასახულ აქტივობებზე მუშაობა. გამოიკვეთა, რომ პედაგოგებს უფრო გვიჭირს კვლევების წარმოება და პროექტებზე მუშაობა. ამდენად, ჩვენთვის, როგორც პროფესიონალი მასწავლებლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებში წვდომა. ვისაუბრეთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპებზე, რომელიც მოიცავს : ა)კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრას, საკვლევი თემის შერჩევას და კვლევის მიზნის ჩამოყალიბებას; ბ)კვლევის პროცესის დოკუმენტირებას-კვლევის დღიურის წარმოებას; გ)საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლას და ანალიზს; დ)კვლევის მეთოდის შერჩევას და ექსპერტიზას; (სხვა კოლეგებისთვის გაცნობა, ან მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზე-საპილოტე კვლევა)  ე)მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს; ვ)მოქმედების სტრატეგიის განვითარებას და მის პრაქტიკაში დანერგვას; ზ)მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაციას.
                  ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო კვლევის მეთოდების გაცნობა და მათ მოსალოდნელ ეფექტურობაში დარწმუნება. დაკვირვება, ინტერვიურება, ფოკუს-ჯგუფის მეთოდი, შემთხვევის ანალიზი და ანკეტირება-ეს ის სტრატეგიებია, რომლებიც დამეხმარება დასმული პრობლემების გადაჭრაში და შემდგომი კვლევის წარმატებასა და შედეგების ადეკვატურობას განსაზღვრავს.
                            ტრენინგზე განხილული იქნა ერთ-ერთი კვლევის ქეისი და კვლევის ანგარიშის სტრუქტურა. დავიყავით ჯგუფებად, მოწოდებული პრობლემებიდან ავირჩიეთ რამდენიმე. მრავალთაგან გამოიკვეთა ოთხი: 1)გარდატეხის ასაკის თავისებურებები; 2)გარიყული მოსწავლის კლასთან ინტეგრირება; 3)შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკების გამოყენების ეფექტურობა; 4)ისტის გამოყენების უპირატესობა საგაკვეთილო პროცესში.
                               დავიწყეთ ჯგუფებში ჩამოთვლილთაგან თითო პრობლემის კვლევა. დავსახეთ საკვლევი თემის მიზნები და შევარჩიეთ მეთოდები. ვისაუბრეთ მოსალოდნელ შედეგებზე.
                                მეორე დღე დავიწყეთ საკუთარი კვლევის ქეისის წარდგენით. მოვახდინეთ წინა დღის დავალების პრეზენტაციები. მოსმენილი პრეზენტაციების შედეგად დაგვიგროვდა გარკვეული გამოცდილება და შევიძინეთ უნარი, რომელიც მომავალში დაგვეხმარება პედაგოგიური კვლევების წარმოებაში. განხილულმა იმიტირებულმა კვლევებმა  უამრავი იდეა დაბადა სკოლებში რეალური მუშაობისათვის.
                                შემდეგი სესია იყო პროექტ-გაკვეთილის მნიშვნელობა სწავლების ხარისხის განვითარებისათვის, მისი დაგეგმვა და შეფასება. პასუხი გაეცა კითხვებს: რა სფეროებს შეიძლება მოიცავდეს პროექტ-გაკვეთილის თემა, რა უნდა გავითვალისწინოთ მისი დაგეგმვისას, რომელი უნარებია აუცილებელი პროექტზე მუშაობისას, როგორია პროექტ-გაკვეთილების ხანგრძლივობა და მოცულობა, გავეცანით პროექტმეთოდის სქემას. მივედით იმ დასკვნამდე, რომ პროექტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება განხორციელებულად, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი. ვისაუბრეთ პროექტის შეფასებაზე და თვითშეფასებაზე, პროექტის ბიუჯეტზე. შემდეგ დავჯგუფდით საგნების მიხედვით. გავიხსენეთ განხორციელებული პროექტები, გადავიტანეთ ფლიფჩარტებზე, გავაკარით კედლებზე და გავაკეთეთ პრეზენტაციები. ტრენერმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვისას და როგორ უნდა გაფორმდეს შესრულებული პროექტის გეგმა. შევადგინეთ შეფასების რუბრიკები და განვიხილეთ რამოდენიმე მათგანი. წარმოდგენილი პროექტებიდან შევარჩიეთ ერთი და შევაფასეთ ჩვენს მიერ შედგენილი შეფასების რუბრიკების მიხედვით.
                          მესამე დღე დაიწყო სესიით: ,,როგორ ვიკვლიოთ ერთმანეთის /კოლეგების/ საგაკვეთილო პროცესები და რა აქტივობებს მოიცავს კათედრებზე მუშაობა. ჯგუფებში შევქმენით ინტეგრირებული პროექტების დეტალური გეგმები, სადაც დაცული იყო პროექტის გაფორმების ყველა კომპონენტი. გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება, თუ როგორ ვაკვირდებით და ვაფასებთ კოლეგების საგაკვეთილო პროცესს. ტრენერმა ისაუბრა თანამშრომლობასა და პედაგოგიური კვლევის პრაქტიკის საუკეთესო გზებზე, კათედრის ფუნქციებზე, ფორმალური და არაფორმალური შეფასების დადებით და უარყოფით ასპექტებზე. ამის შემდეგ შევასრულეთ პრაქტიკული სავარჯიშო, სადაც მოცემული იყო შეფასების მოდელები და მათი მოკლე აღწერა. ჯგუფებში განვიხილეთ ამ მოდელების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
                      მეოთხე დღე დაეთმო პორტფოლიოს შექმნის პრინციპს და მნიშვნელობას. ვისწავლეთ, როგორ გავაკეთოთ სხვადასხვა ღონისძიებების ანგარიშის ფორმები. დღის ბოლოს გაიმართა დისკუსია, თუ რას გავაუმჯობესებდით, ან შევცვლიდით პროფესიული განვითარების სქემაში.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ეს ტრენინგი ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სიახლეებით სავსე. მქონდა პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ მიჭირდა მათ შესახებ წერილობითი ანგარიშის შედგენა. პედაგოგიური კვლევის შესახებ კი ვფლობდი მხოლოდ მცირე ინფორმაციას. ტრენინგი დამეხმარა სრულად გავრკვეულიყავი მის არსში. ვისწავლე, როგორ დავგეგმო და გავაკეთო პროექტ-გაკვეთილები, შევასრულო პედაგოგიური კვლევები, როგორ შევქმნა ჩემი პორტფოლიო. ვფიქრობ ტრენინგზე შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს ეფექტურად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში, რაც ასევე ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ ზრდას. მიღებულ გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს.
                          სკოლაში დაბრუნებისთანავე, სასკოლო კონფერენციაზე გავაკეთებ ამ ტრენინგის ანგარიშის პრეზენტაციას; მომავალში კი ჩემს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შეფასებაში აქტიურად ჩავრთავ კოლეგებს; კათედრაზე ერთობლოვად დავგეგმავთ და შევასრულებთ პროექტებს, პედაგოგიურ კვლევებს და ურთიერთგამოცდილების გაზიარების მიზნით, დავაკვირდებით ერთმანეთის საგაკვეთილო პროცესებს. ჩამოთვლილი აქტივობების პრაქტიკაში დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შედეგზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების ხარისხს.
ხელმოწერა: ნინო გურეშიძე
თარიღი:  7, 8, 9, 10 დეკემბერი, 2012 წელი










                                                             




                                 ბუკის  ტრენინგის ანგარიში
ღონისძიების დასახელება : ტრენინგ-კურსი ,,1:1 ელექტრონული სწავლება“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ტრენერი : ნანა ედიშერაშვილი; ჩატარების ადგილი: ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლა,ხანგრძლივობა : 9 დღე, 4-აგვისტოში, 5- ნოემბერში, სულ-35 საათი. 2012 წელი
მიზანი და ამოცანები:
·         სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
·         ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო ამოცანის შესაბამისად
·         პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
·         კლასის მართვა 1:1 ელექტრონული სწავლებისას
რეზიუმე : I დღე- გავეცანით მასწავლებლის ისტ კომპენტენციების სტანდარტს, შემდეგ კი- ბუკის ფიზიკურ სტრუქტურას, მის კლავიატურას.მივიღეთ რეკომენდაციები ბუკის ჩართვა-გამორთვის, ტესტური რედაქტორის  Mikrosoft office 2007-ის ფანჯარაში მუშაობის შესახებ.
II დღე დაეთმო პრაქტიკულ მუშაობას - სასწავლო რესურსების მომზადებას ტექსტურ რედაქტორში. გავეცანით 7 ძირითად მენიუს, როგორიცაა, Home-ძირითადი მენიუ, Insert- -ჩასმის მენიუ, Page Layout-დოკუმენტის ფორმატირების მენიუ, References- ტექსტისთვის შენიშვნების დართვის მენიუ, Mailings-გზავნილის მენიუ, Review-დოკუმენტის გდახედვის/შემოწმების მენიუ, View-დოკუმენტის დათვალიერების მენიუ. პრაქტიკულად ვიმუშავეთ ტექსის მთლიანად, თუ გარკვეული ფრაგმენტის მონიშვნაზე, აბზაცების ფორმატირებაზე, გავერკვიეთ Undo (ბოლო მოქმედების გაუქმება) და Redo (გაუქმებული მოქმედების აღდგენა) ღილაკების ფუნქციებში, მოვახდინეთ მონიშნული ტექსტის  ფრაგმენტის კოპირება, ამოჭრა და ჩასმა; აკრებილ ტექსტს გავუკეთეთ მარკირება და ნუმერაცია. ტრენერმა გვასწავლა, თუ როგორ უნდა შევინახოთ ჩვენს მიერ აკრებილი ტექსტი ფაილის სახით კომპიუტერის ეკრანზე, ან მითითებულ საქაღალდეში.ვისწავლეთ საქაღალდის შექმნა, სახელის დარქმევა, ან შეცვლა, წაშლა, შიგ ფაილების ჩალაგება. პრაქტიკულად შევასრულეთ წაშლილი ფაილის, ან საქაღალდის აღდგენის ოპერაციები.
III დღის მიზანი იყო მუშაობის გაგრძელება ტექსტურ რედაქტორში და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა. ვისწავლეთ ცხრილების დახაზვა, მათში მონაცემების შეტანა და დაფორმატება. შემდეგ ვიმუშავეთ სურათებისა და გეომეტრიული ფიგურების  ჩასმასა და რედაქტირებაზე. გავეცანით გაკვეთილის ორგანიზების ძირითად საფეხურებს-სწავლების სამფაზიან მოდელს. გავიაზრეთ თითოეული ფაზის მნიშვნელობა და არსი. მიღებული ცოდნის საფუძველზე დავგეგმეთ გაკვეთილები და გავაკეთეთ პრეზენტაციები.
IV დღის- მიზანი იყო საგანმანათლებლო რესურსების მოძებნა ინტერნეტში, საძიებო სერვისი, ტექსტური და მედია-ელემენტების მოძიება და გადმოწერა, ელექტრონული თამაშები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში, აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება. ტრენერი გვესაუბრა ინტერნეტის შესახებ, რომ იგი არის გლობალური საკომუნიკაციო და საინფორმაციო სივრცე. მივიღეთ პრაქტიკული რჩევები ბრაუზერებისა და ინტერნეტში ნავიგაციის შესახებ. ვისწავლეთ ინტერნეტიდან ფაილებისა და სურათების ჩამოტვირთვა: გავიაზრეთ ელექტრონული თამაშების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში. მოვინიშნეთ ცენტრის ვებ-გვერდის მისამართები, სადაც შეგვიძლია ვნახოთ საგანმანათლებლო თამაშები. ტრენინგის შემდეგი ნაწილი დაეთმო აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიან გამოყენებას სასწავლო პროცესში.
V დღე- მიზანი : კლასის მართვის ელექტრონული პროგრამა; საკლასო მენეჯმენტის რეკომენდაციები 1:1 ელექტრონული სწავლებისას. ტრენერმა გვასწავლა, როგორ უნდა გავმართოთ შიდა ქსელი, უკაბელო კავშირის სადგურის საშუალებით. ძალიან მომეწონა ასეთი მართვის სისტემა, იგი მოსწავლეთა მონიტორინგის ძალზე ეფექტური საშუალებაა.
VI დღე მიზანი : ეფექტიანი პრეზენტაციის ძირითადი მახასიათებლების გაცნობა; სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში. ტრენერი გვესაუბრა, თუ რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია. გაგვაცნო პრეზენტაციის მოსამზადებელი სპეციალური პროგრამა-Pover Point და მისი გამოყენების ხერხები. პრაქტიკულად ავაწყვეთ სლაიდ-შოუები, ვიზრუნეთ მათ გაფორმებასა და დიზაინზე, მივანიჭეთ სხვადასხვა ეფექტები.
VII დღე-მიზანი : ტესტების შედგენის მეთოდიკა; ტესტების შედგენა, ქულების მინიჭება და სტატისტიკა კლასის მართვის პროგრამაში. ვისწავლეთ, როგორ შევადგინოთ და გამოვიყენოთ ტესტები, როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასებისას.
დავაზუსტეთ, რომ ტესტის შედგენისას დავალების სხვადასხვა ფორმას ვიყენებთ, როგორიცაა: არჩევითპასუხიანი, სწორი-მცდარი, დასაწყვილებელი.
VIII დღე-მიზანი : ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაცია; ელექტრონულ წერილებთან მუშაობა; ვებ-კამერის გამოყენება.
გავიარეთ რეგისტრაცია, ერთმანეთს გავუგზავნეთ წერილები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით, ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ წერილთან ერთად ფაილის გაგზავნაც გვინდა. შემდეგ ტრენერმა აგვიხსნა ვებ-კამერის 4 ძირითადი ფუნქცია-1)სურათებისა და ვიდეოს გადაღება;  2)მედია- ფაილების რედაქტირება; 3)ანოტაციის დამატება; 4)ელექტრონული წიგნის შექმნა. პრაქტიკულად ვიმუშავეთ ოთხივე კუთხით.
IX დღე-მიზანი : ბუკზე დაინსტალირებული მშობლის მონიტორინგის პროგრამაში მუშაობა.ანტივირუსის პროგრამა. ტრენერმა შეგვასწავლა მშობლების მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის ჩართვა ბუკზე. ამ პროგრამის გამოყენებით შეგვეძლება შევზღუდოთ პერსონალური კომპიუტერის გამოყენების დრო, პროგრამებსა და ვებსაიტებზე წვდომა. გარდა ამისა, შევძლებთ ვაკონტროლოთ ის პროგრამები, ფაილები და ქსელის ლოკაციები, რომელშიც მოსწავლეები შესულან, მათი აქტივობების ეკრანის ფოტოების გადაღების საშუალების ჩათვლით.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ტრენინგი ჩემთვის იყო ბევრის მომცემი- განვამტკიცე კომპიუტერული უნარ-ჩვევები, ვისწავლე კლასის მართვა, ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება, ძალიან დამაინტერესა სლაიდ-შოუმ თავისი ეფექტებით. ჩემს მოსწავლეებს მოძრავი ანიმაციური სურათებისა და ამ ეფექტების გამოყენებით საინტერესო რესურსებს შევუქმნი, რაც მათ მოტივირებას და გაკვეთილში ჩართულობას შეუწყობს ხელს. ბუკში ჩატვირთული საწავლო მასალა კი ძალიან დაეხმარება ბავშვებს მიღებული ცოდნის განმტკიცებაში.
                                 ხელმოწერა:   /                             / ნინო გურეშიძე
                                   თარიღი:  30 ნოემბერი, 2012 წელი



      ანგარიში
ღონისძიების დასახელება : G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი. ჩამტარებელი ორგანიზაცია: USAID, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ტრენინგი : ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე“. ჩატარების დრო: ზესტაფონის რაიონი, სოფ. დილიკაურის საჯარო სკოლა.ხანგრძლივობა: 8 დღე, გაზაფხული-შემოდგომა, ორ კვირაში- ერთი შეხვედრა. (4დღე გაზაფხულზე, 4 შემოდგომაზე, დღეში- 7 საათი) ტრენერები: მალვინა შანიძე და ხათუნა ფირცხალაშვილი.
  მიზნები და ამოცანები : კითხვის სწავლება, სწავლის თანამედროვე (ინტეგრირებული და დიფერენცირებული ) მიდგომების დანერგვა საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე. პროგრამის წარმატებულად განხორციელების შედეგად უნდა გაუმჯობესდეს მოსწავლეთა მიღწევები, როგორც ქართულ, ისე არაქართულევან სკოლებში, მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, კითხვასა და სხვადასხვა საგანში.
                                                                    I დღე (7 აპრილი)
მიზანი და ამოცანები: ტრენერებისა და ტრენინგის მონაწილე კოლეგების გაცნობა; ტრენინგ-პროგრამის მიზნებისა და შინაარსის გაგება; კითხვის სწავლების კუთხით საკუთარი მიდგომებისა და საჭიროებების გააზრება; სამოდელო გაკვეთილში პრაქტიკული მონაწილეობის გზით კითხვის ინტერაქტიური და კონსტრუქტივისტუ-ლი ხედვის გააზრება; კითხვის კომპლექსური უნარის შემადგენელი კომპონენტების, მათ შორის ურთიერთმიმართების და განვითარების ტრაექტორიის გაცნობიერება.
რეზიუმე : გავეცანით PIRSL-2011 კითხვითი წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებს. მივიღეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ. PIRSL -ში ყურადღება გამახვილებულია კითხვაში, მოსწავლის წიგნიერების სამ ასპექტზე: 1)კითხვის მიზანი; 2)გაგება-გააზრების პროცესი 3)ქცევები და დამოკიდებულება კითხვისადმი.
ხოლო  შეფასება კონცენტრირებულია კითხვის ორ ძირითად მიზანზე: ა) კითხვა ლიტერატურული გამოცდილების მიღებისათვის; ბ)კითხვა ინფორმაციის მიღებისა და გამოყენებისათვის.
                     მოსმენილი ინფორმაციის შედეგად შევავსეთ სქემა ,,რა გავიგეთ? რა გავაკეთოთ? რა გვჭირდება? შემდეგ ვიმუშავეთ თვითშეფასების ტესტზე (წიგნიერების პრეტესტი).  საკითხთა უმრავლესობა ჩემთვის ნაცნობი იყო, კარგად გავართვი თავი, მაგრამ მაინც შემხვდა ისეთი  კითხვები, რომლებზეც ბუნდოვანი პასუხები გავეცი.
                     ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი იყო ჩემთვის ტრენერის მიერ მოწოდებული  სამოდელო გაკვეთილი ,,კუ და კატა“ ჩვენ მოსწავლეების როლში ვიყავით. გაკვეთილი სამფაზიანი იყო. პროვოცირება მოხდა ილუსტრაციით, დაშიფრული ტექსტის დეკოდირებით, ეფექტურად იყო შერჩეული შესწავლილის გაგება- გააზრებისათვის საჭირო აქტივობები. გავაცნობიერეთ, რომ თუ გვინდა შედეგზე გასვლა, აუცილებლად უნდა დავიცვათ გაკვეთილი მიმდინარეობის სამივე ფაზა: 1) წაკითხვამდე  2)კითხვის დროს  3) წაკითხვის შემდეგ. გავაანალიზეთ პირველი, ან მესამე ფაზის იგნორირებამ რა პრობლემები შეიძლება  გამოიწვიოს.
                     შემდეგი აქტივობა იყო ,,კითხვის ხუთი კომპონენტი“, რომლებიც აუცილებელია კარგი კითხვისათვის:
·         ფონოლოგიური უნარ-ჩვევები
·         ანბანის ცოდნა
·         ლექსიკური მარაგი
·         გაწაფული კითხვა
·         გაგება-გააზრებ
ხუთკაციან ჯგუფებში შევქმენით ,,კითხვის ცოცხალი ქანდაკება“, რომელშიც გამოვხატეთ კითხვის არსი და მისი კომპონენტები.
მივიღეთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ ტრენინგის ამსახველი მასალების პორთფოლიო და რამდენად მნიშვნელოვანია იგი ჩვენთვის. მასში თავმოყრილი  ჩვენი ნამუშევრები და თეორიული მასალა დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და შედეგად- ჩვენი მოსწავლეები ბევრად უფრო წარნატებულნი გავხადოთ.
                        სამუშაო დღის ბოლოს, შევაფასეთ ტრენინგი, დავაზუსტეთ, რა იყო ჩენთვის  მნიშვნელოვანი, რას გავაუმჯობესებდით და რაზე გვსურდა დამატებითი ინფორმაციის მირება.
   ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება : ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო კითხვის სწავლის კუთხით საკუთარი მიდგომებისა და საჭიროებების გააზრება; სამოდელო გაკვეთილში პრაქტიკული მონაწილეობით კითხვის ინტერაქტიური და კონსტრუქტივისტული ხედვის გაცნობიერება; კითხვის კომპლექსური უნარის შემადგენელ კომპონენტებს შორის ურთიერთმიმართების დანახვა.
                         ტრენინგმა ჩემს გამოცდილება შემატა ახალი, ეფექტური სტრატეგიები. შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში: დავგეგმავ და ჩავატარებ სამფაზიან გაკვეთილებს, ვიზრუნებ მოსწავლეებში კითხვის ხუთივე კომპონენტის კომპლექსური განვითარებისათვის. აქტიურად ვითანამშროლებ კოლეგებთან. ერთად დავგეგმავთ და ჩავატარებთ სამოდელო გაკვეთილებს ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.
                                       ხელმოწერა :                       / ნ. გურეშიძე /
               


                       თარიღი : 29 აპრილი                                        
                        


                                                 II დღე   (21 აპრილი)
მიზანი და ამოცანები : სამოდელო გაკვეთილებში მონაწილეობის გზით კითხვის სწავლების დაბალანსებული და ინტეგრირებული მოდგომების მიმოხილვა და გააზრება. ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო  მრავალფეროვანი მეთოდებისა და რესურსების გაცნობა. პირველ კლასში წერა-კითხვის სწავლების სხვადასხვა პერიოდის ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების გაცნობა. მოსწავლისათვის პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელისა და მისი კითხვის სწავლებაში განხორციეკლების საშუალებების გააზრება. წინასაანბანო პერიოდის ეფექტური ორგანიზებისათვის საჭირო ძირითადი აქტივობების , მეთოდებისა და რესურსების გაცნობა. კითხვის შესწავლის ხელშემწყობი გარემოს ორგანიზება და ეფექტური სასწავლო რესურსების დამზადების სწავლება.
რეზიუმე : საშინაო დავალების პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეობა მივიღეთ ტრენერის მიერ ჩატარებულ სამფაზიან, დაბალანსებულ მიდგომაზე აგებულ გაკვეთილში. ტრენერმა მასწავლებლის როლი მოირგო, ჩვენ- მოსწავლეების. გაკვეთილზე გამოყენებული იყო ეფექტური მეთოდები : სლაიდ-შოუ, საჩვენებელი კითხვა, ერთობლივი კითხვა და ერთობლივი წერა.გაკვეთილი იყო ემოციურად დატვირთული, შერჩეული აქტივობები კი იმდენად შთამბეჭდავი და ეფექტური,რომ შეძლო ჩვენი სამუშაო პროცესში მაქსიმალური ჩართვა და მუდმივი მოტივირება.
                  გაკვეთილის შემდეგ მოვაწყვეთ დისკუსია/დებრიფინგი (შეჯამება).გავიაზ-რეთ, თუ რას მოიცავს დაბალანსებული სწავლების ძირითადი აქტივობები და მეთოდები.შემდეგ განვიხილეთ კითხვის სწავლების კონცეპტუალური ჩარჩო, სადაც ჩანდა, როგორ ეფექტურად იყენებს მასწავლებელი ინოვაციურ მეთოდს ,,მე-კალამი“.იგი ეხებოდა ამბის კლასის მიერ ერთობლივად შეთხზვას და გააზრებას. მასწავლებელი ასრულებდა ,,კალმის“ ფუნქციას, დაფაზე წერდა ბავშვების მიერ მოფიქრებულ ავთენტურ ტექსტს.გავეცანით დაბალანსებულ (მთელი- ნაწილი-მთელი) მიდგომას, პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელს. ვნახეთ ფილმი, რომელიც მასწავლებელმა წარმართა აქტივობით ,,მე-კალამი“.
                         მორიგ აქტივობად ტრენერებმა შემოგვთავაზეს მართული პრაქტიკა მცირე  მცირე ჯგუფებში. დავგეგმეთ გაკვეთილები ტრენინგზე ნანახისა და მოსმენილის გათვალისწინებით. გამოვიყენეთ ინოვაციური აქტივობები, გავაკეთეთ პრეზენტაციები. ძალიან საინტერესო იყო თითოეული ჯგუფის მოსმენა, გამოცდილებისა და ახლადმიღებული ცოდნის ურთიერთგაზიარება. კოდევ ერთხელ
დავრწმუნდით, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია სწორად დაგეგმო გაკვეთილი და აუცილებლად გაიზრდება მოსწავლეთა აქტივობის ხარისხი.
                             მრავალფეროვანი და მართლაც საქმიანი ტრენინგი დასრულდა დღის შეფასებით.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება : ჩემთვის ახალი იყო კითხვის სწავლების დაბალანსებული მიდგომა, ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა ერთობლივი წერა და ენობრივი პრაქტიკა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სადემონსტრაციო გაკვეთილი და მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფებში. ტრენინგმა აშკარად გაამდიდრა ჩემი გამოცდილება, ვისწავლე როგორ შევქმნა ძალიან მარტივად სასწავლო რესურსები, რაც გამიადვილებს შედეგზე გასვლას.ეს იყო პრაქტიკული სწავლება, რის ნაკლებობასაც განვიცდიდით დღემდე მასწავლებლები. რა თქმა უნდა ახალ მიდგომებს დავნერგავ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
                         ხელმოწერა:                           /ნინო გურეშიძე/
                          თარიღი : 25 აპრილი, 2013  წელი












                                           ტრენინგის მესამე დღე
მიზანი: მასწავლებლებმა შეძლონ სამოდელო აქტივობებში მონაწილეობის გზით, გამართული/გაწაფული კითხვის კომპონენტის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების გააზრება, მხატვრული ტექსტების გაგება -გააზრების სწავლებისათვის გარემოს ორგანიზება, ეფექტური მეთოდებისა და საჭირო რესურსების გამოყენება.
ამოცანები: გამოხმაურება შეფასების ბარათებზე, საშინაო დავალების პრეზენტაცია, გამართული/გაწაფული კითხვა-სადემონსტრაციო აქტივობა, მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება(განსაზღვრება, მნიშვნელობა, განვითარების გზა)-სადემონსტრაციო აქტივობა. გაგება-გააზრების სტრატეგიების გაცნობა. მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფებში: მონაწილეთა მიერ გაკვეთილების/აქტივობების დაგეგმვა.ეფექტური მეთოდების, გარემოსა და რესურსების  გაცნობა მხატვრული ტექსტის წაკითხვის სწავლებისათვის. დღის შეფასება,საშინაო დავალება.
რეზიუმე: ტრენინგი დაიწყო სამუშაო დღის განრიგის გაცნობით. შემდეგ ტრენერებმა გააკეთეს კომენტარები ჩვენს მიერ დატოვებულ შეფასების ბარათებზე და გადავედით საშინაო დავალების პრეზენტაციაზე. წარმოვადგინეთ ინოვაციური მეთოდებით ჩატარებული გაკვეთილების სცენარები,გამოვფინეთ გამოყენებული  ეფექტური თვალსაჩინოებები, რომლებმაც გაგვიადვილა შედეგზე გასვლა. გამოიკვეთა საერთო აზრი, რომ ახალი მიდგომებით ჩატარებული, დაბალანსებული სწავლების პრინციპზე დაყრდნობით მომზადებული გაკვეთილები არის საინტერესო, ხალისიანი და შედეგიანი.
                        შემდეგ ეტაპზე ჩაგვიტარდა სადემონსტრაციო აქტივობა გამართული/გაწაფული კითხვის განსაზღვრების, მნიშვნელობისა და განვითარების გააზრების მიზნით. მოწოდებულმა თეორიულმა მასალამ საშუალება მოგვცა დაგვეზუსტებინა ჩვენი ცოდნა საკითხთან დაკავშირებით და მიგვეღო ახალი ინფორ-
მაცია. ტრენერი დაგვეხმარა გაგვეცნობიერებინა, თუ რას ნიშნავს ტექსტის გაგება-გააზრება. მივიღეთ მონაწილეობა დისკუსიაში და გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. შემდეგ ვიმუშავეთ ჯგუფებში და მივედით დასკვნამდე, რომ წაკითხულის გააზრება სამ სხვადასხვა დონეზეა შესაძლებელი: 1)სიტყვასიტყვით გაგების დონეზე  2)დასკვნის გამოტანის (ჩაწვდომის დონეზე) და 3)კრიტიკული შეფასების დონეზე.
             შემდეგი აქტივობა დაეთმო გაგება-გააზრების სტრატეგიებზე მუშაობას. ვისწავლეთ ტეფი რაფაელის (QAR) მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ტექსტის გააზრებისას ბლუმის ტაქსონომიის ზედა ზღვარზე. კერძოდ, მოსწავლე კითხვებზე პასუხის გაცემისას ჯერ ტექსტში მოცემულ ინფორმაციას იყენებს,  შემდეგ ფიქრობს და პასუხს პოულობს რამდენიმე ადგილას, მომდევნო ეტაპზე ცდილობს ჩაწვდეს ქვეტექტს, მას, რაც ტექსტში არ დევს, მაგრამ იგულისხმება და ბოლოს გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, აზრს, იშველიებს გამოცდილებას წაკითხულის ირგვლივ და ახდენს ფაქტის, ან მოვლენის შეფასებას.
                     ვნახეთ სამოდელო გაკვეთილი ,,კუსუნას ციხე-სიმაგრე“, რომელიც ჩემთვის იყო აღმოჩენა. სასიამოვნოდ გავოცდი, თურმე სწორად დასმული კითხვები როგორ ეხმარება ბავშვს წაკითხულის გააზრებასა და შეფასებაში. ჩვენ მოსწავლეების როლში ვიყავით და ჯგუფებში ვიმუშავეთ ტექსტებზე ტეფი რაფაელის მეთოდის გა-მოყენებით. გავაკეთეთ დასკვნები, თუ რა არის საჭირო გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული სწავლებისათვის დაწყებით კლასებში.
                 ტრენინგის შემდეგი ეტაპი დაეთმო მართულ პრაქტიკას მცირე ჯგუფებში. მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილებისა და ტრენინგზე გაცნობილი მასალის გაანალიზების შედეგად დავგეგმეთ გაგება-გააზრებაზე გამიზნული გაკვეთილები სამფაზიანი მოდელის მიხედვით. პრეზენტაციების დროს ჯგუფებმა წარმოვადგინეთ ვრცლად გაკვეთილის სხვადასხვა ფაზები,აქცენტი გავაკეთეთ კითხვებზე: რატომ შევარჩიეთ ეს ტექსტი, რატომ ავირჩიეთ დაგეგმილი მეთოდები/აქტივობები და დავასაბუთეთ, თუ როგორ შეუწყობდა ხელს ეს აქტივობები მოსწავლეთა გაგება-გააზ
რების უნარებისა და სტრატეგიების დაუფლებას.
                     ბოლოს ტრენერებისაგან მივიღეთ ტრენინგებს შორის შესასრულებელი დავალებები და შევაფასეთ სამუშაო დღე.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ტექსტის გაგება-გააზრებისათვის საჭირო ეფექტური სტრატეგიები. განსაკუთრებით მომეწონა სამოდელო გაკვეთილი ,,კუსუნას ციხე-სიმაგრე“. დღევანდელმა ტრენინგმა კიდევ უფრო გაამდიდრა ჩემი გამოცდილება. ყოველთვის მაფიქრებდა ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს უჭირდათ ტექსტის გააზრება. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ეფექტურად გამოვიყენებ გაკვეთილებზე. ახლებურად დავგეგმავ მათ და მჯერა, შედეგიც არ დააყოვნებს. მე და ჩემი კოლეგები დავესწრებით ერთმანეთს გაკვეთილებზე, დავაკვირდებით, როგორ შეიცვლება სწავლის ხარისხი და შედეგებს გავაანალიზებთ  კათედრაზე . ვფიქრობ, ამგვარი მუშაობა აუცილებლად სასიკეთოდ აისახება ჩვენი მოსწავლეების ცოდნის დონეზე.
                                  ხელმოწერა :                                          / ნინო გურეშიძე /
                                                თარიღი: 14 აპრილი, 2013 წელი


                      ტრენინგის მეოთხე დღე- 26 მაისი
მიზანი და ამოცანები : გამოხმაურება შეფასების ბარათებზე; საშინაო დავალების პრეზენტაცია; საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგება-გააზრება; სადემონსტრაციო აქტივობა, გაგება-გააზრების სტრატეგიები. კითხვის კომპონენტი: ლექსიკური მარაგი. ტექსტი, როგორც კითხვისა და წერის სწავლების ძირითადი რესურსი. მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფებში : მონაწილეთა მიერ გაკვეთილების/აქტივობების დაგეგმვა. ეფექტური მეთოდები, გარემო და რესურსები საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის წაკითხვის სწავლებისათვის. ტრენინგის პირველი მოდულის შეფასება. საშინაო დავალება.
მისაღწევი შედეგები: ტრენინგის მონაწილეებმა შეძლონ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგაება-გააზრების სწავლებისათვის ხელშემწყობი გარემოს ორგანიზება, ეფექტური მეთოდებისა და საჭირო რესურსების გამოყენება; გაიაზრონ ლექსიკური მარაგის მნიშვნელობა კითხვის გაგება-გააზრების პროცესში; გააცნობიერონ სასწავლო დანიშნულების ტექსტის მნიშვნელოვანი მახასიათებლები; შეძლონ კითხვის სწავლებისათვის შესაფერისი ტექსტების/ წიგნების შერჩევა და დამზადება.
რეზიუმე : ტრენინგი დაიწყო შეფასების ბარათების განხილვით. შემდეგ მოვახდინეთ საშინაო დავალების პრეზენტაცია. ჯგუფებში გავუზიარეთ ჩვენს მიერ შესრულებული დავალებები კოლეგებს და ჯგუფიდან ერთმა გავაკეთეთ პრეზენტაციები.
                        შემდეგ ვიმუშავეთ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგება-გააზრებაზე. დავაზუსტეთ, რამ გაართულა ტექსტის გაგება. გავმართეთ დისკუსია თემაზე : რა არის საჭირო ტექსტის სათანადოდ გაგება-გააზრებისათვის. წავიკითხეთ ბატონ პაატა პაპავას სტატია : „როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ინფორმაციულ ტექსტთან მუშაობაში“ და ავტორს შეკითხვები დავუსვით წერილობით. ტრენერი დაგვპირდა, რომ ამ შეკითხვებს გადასცემდა ადრესატს.
                     მომდევნო ეტაპზე , როგორც მოსწავლეებმა, მონაწილეობა მივიღეთ სამოდელო გაკვეთილში. ეს იყო საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტზე აგებული გაკვეთილი, რომელიც კითხვისა და წერის სხვადასხვა უნარის განვითარებაზე იყო ორიენტირებული.
                     სადემონსტრაციო გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდების შესახებ მიღებული ცოდნის შეჯამებისდა გამთლიანების მიზნით, ჯგუფებში შევავსეთ სტრატეგიების სქემები გაკვეთილის თითოეულ ფაზაზე გამოყენებული ახალი მეთოდების / სტრატეგიების გათვალისწინებით. შემდეგ ვიმსჯელეთ თემაზე : რა არის ლექსიკა და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი? ჯგუფებში ჩამოვწერეთ ლექსიკურ რუბრიკებში შემავალი ისეთი სიტყვები, რომელთა ცოდნაც, ჩვენი აზრით, სასურველია სკოლაში შემსვლელი ბავშვისათვის. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფთან ერთად გავაკეთეთ სიების პრეზენტაციები. განვიხილეთ ტექსტი : „ ბავშვის ენობრივი განვითარება (სკოლამდელი განათლების პროგრამიდან ), ვიმსჯელეთ ლექსიკური მარაგის განვითარების მიმართულებით კითხვის დაწყების საფეხურზე  მისაღწევ შედეგებზე .
                        ტრენინგი გაგრძელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი ფილმით : „მნიშვნელოვანი სიტყვები“, სერიიდან „კითხვის ეფექტური მეთოდები“. ფილმის ნახვის შემდეგ ჩავერთეთ დისკუსიაში. ვიმსჯელეთ გამოყენებული მეთოდებისა და აქტივობების, ასევე მსგავსი აქტივობების  კლასში განხორციელების შესახებ.
                      საკუთარი გამოცდილებისა და ტრენინგზე გაცნობილი მასალის გაანალიზების შედეგად, ჯგუფთან ერთად დავგეგმეთ გაგება-გააზრებაზე გამიზნუ- ლი გაკვეთილები სამფაზიანი მოდელის მიხედვით. გაკვეთილის გეგმაში შევიტანეთ ლექსიკურ  მარაგზე მუშაობის აქტივობები. პრეზენტაციების დროს დავასაბუთეთ, რატომ შევარჩიეთ ეს მეთოდები /აქტივობები და როგორ შეუწყობს ხელს ისინი მოსწავლეთა გაგება-გააზრების უნარებისა და სტრატეგიების დაუფლებას.
                 დღის ბოლოს მივიღეთ მომდევნო ტრენინგამდე  შესასრულებელი დავალებები და შევაფასეთ ტრენინგის პირველი  მოდული.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება : ტრენინგი, როგორც ყოველთვის, იყო ძალიან საინტერესო , სიახლეებით სავსე და ბევრისმომცემი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული სამოდელო გაკვეთილში მონაწილეობა, რადგან მოსწავლეებს ყველაზე მეტად მსგავსი ტიპის ტექსტების გაგება უჭირთ. ვისწავლე ახალი სტრატეგიები, როგორიცაა: „ სიტყვების გამომძიებელი“ და „სემანტიკურ თვისებათა ანალიზი“. ეფექტური იყო  გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის შედეგად „მახასიათებლების ცხრილის“ შევსება, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს დააზუსტონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა.ვისწავლე, როგორ შეიძლება დავეხმარო მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში.
                         ტრენინგმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩემი პედაგოგიური გამოცდილება. მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ გაკვეთილებზე სწავლა-სწავლების გაადვილების მიზნით. ვეცდები, ბავშვებს არასაგაკვეთილო პროცესშიც დავეხმარო და  შევურჩიო მათ საბავშვო ლიტერატურა მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ფაქტია, რომ სწორად შერჩეული საკითხავი მასალა ავითარებს აზროვნებას და ამდიდრებს ლექსიკურ მარაგსაც.
                                ხელმოწერა :                                       / ნინო გურეშიძე /
                                 თარიღი :       6 ივნისი, 2013 წელი






                           ანგარიში 
ღონისძიების დასახელება : G-PRIEDI საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი ,,ინოვაციური მიდგომები მათემატიკის სწავლებაში“. ჩამტარებელი ორგანიზაცია USAID, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ჩატარების ადგილი: ზესტაფონის რაიონი, სოფ. დილიკაურის საჯარო სკოლა. ხანგრძლივობა:  6 დღე, გაზაფხული-შემოდგომა (3-3 ტრენინგი) ტრენერები: მურმან კაშია, ფატი გაფრინდაშვილი.
მიზანი და ამოცანები:  მათემატიკის სწავლა-სწავლების დონის ამაღლება დაწყებით კლასებში.ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა მათემატიკაში.სწავლების მნიშვნელოვანი შედეგების გააზრება, როგორიცაა მსჯელობა- დასაბუთება, კომუნიკაცია, მოდელირება, პრობლემების გადაჭრა. მოსწავლემ უნდა შეძლოს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს  და გამოიყენოს.
                                                       ტრენინგის  I დღე       (14 აპრილი)
მიზანი და ამოცანები : საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის გაცნობა. მათემატიკის სწავლების ინტერაქტიულ-კონსტრუქტივისტული მეთოდის გააზრება, სოკრატული მეთოდის რაობა, მათემატიკური შეცდომების ზოგადი მიზეზების დადგენა. სასწავლო ხარაჩოების (სკაფოლდინგის) როლის გაცნობიერება, პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა, მონაცემთა შეგროვება და დალაგება. აღწერითი სტატისტიკის მეთოდების გაცნობა, ჯგუფებში დამოუკიდებელი მუშაობის წარმართვა.
რეზიუმე : ტრენინგი დაიწყო ურთიერთგაცნობით. შემდეგ ტრენერებმა წარმოგვიდ- გინეს TIMSS საერთაშორისო კვლევების 2007 და 2011 წლების კვლევის შედეგები. კვლევის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოს მეოთხეკლასელთა 40-50 % არ არის მზად მომდევნო კლასებში მათემატიკის სწავლისათვის. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ინოვაციური მეთოდების დანერგვა და მასწავლებელთა გადამზადება სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით და უკეთესი შედეგების მისარწევად.
                      ტრენერმა წარმოგვიდგინა სწავლების კონსტრუქტივისტული და სოკრა- ტული მეთოდები, როგორიცაა სწავლა კეთებით, გამოცდილებით ცოდნის აგება და აღმოჩენით სწავლა. განვიხილეთ პრაქტიკული შემთხვევა ,სიტუაციური ამოცანა და მივხვდით ,თუ რატომ ვერ მიაღწია მასწავლებელმა შედეგს. ვისაუბრეთ მათემატიკუ-  რი შეცდომების ზოგად მიზეზებზე. ვისწავლეთ, როგორ გავარჩიოთ შეცდომის მიზეზი, შეცდომის რაობისაგან და როგორ მოვძებნოთ მათი გამოსწორების საშუალება.
                        შემდეგ დავაზუსტეთ, თუ რისთვის გამოიყენება სკაფოლდინგი, როგორ უნდა წარმართოს მასწავლებელმა მუშაობა, რომ მისი დახმარება მოსწავლისადმი თანდათან შემცირდეს და ბავშვის დამოუკიდებლად მუშაობის ხარისხი გაიზარდოს. ჯგუფებში განვიხილეთ საკითხთან დაკავშირებული სიტუაციური ამოცანები და გავაკეთეთ პრეზენტაციები.
                       ტრენინგის მომდევნო ნაწილი დაეთმო აღწერით სტატისტიკას, რომელიც მოიცავს მონაცემთა შეგროვებას, მოწესრიგებას, შეჯამებას, ანალიზსა და დასკვნების გამოტანას. გავიაზრეთ ექსპერიმენტსა და დაკვირვებას შორის განსხვავება. გავეცანით გამოკითხვით მონაცემთა შეგროვების ხერხებს, როგორიცაა სატელეფონო გამოკითხვა, კითხვარის გაგზავნა და ინდივიდუალური ინტერვიუ.
                    თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ გადავედით პრაქტიკულ სავარჯიშოებზე. ვიმუშავეთ ჯგუფებში. დავალებების შესრულებისას გამოვიყენეთ ახლადმიღებული ცოდნა.
                      დღის ბოლოს შევაფასეთ ტრენინგი და ტრენერებისაგან მივიღეთ მომდევნო ტრენინგამდე პერიოდში შესასრულებელი დავალებები.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება : ტრენინგმა დამარწმუნა, რომ მათემა- ტიკის სწავლებისას მნიშვნელოვანია ბავშვებმა ცოდნა ააგონ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით; თვითონ აღმოაჩინონ, გააკეთონ, იაზროვნონ და მივიდნენ დასკვნამდე. ანუ, ეფექტურია აქტიური სწავლება ,,მარტივიდან რთულისაკენ“ თანმიმდევრობით. აუცილებელია მათემატიკური შეცდომების მიზე-
ზების დადგენა და სწორი რეაგირება. ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას დავახარისხებ, კიდევ ერთხელ გავიაზრებ, მოვარგებ ჩემი კლასის საჭიროებებს და შესაძლებლობებს და დავნერგავ პრაქტიკაში.
                              ჩავატარებ სამოდელო გაკვეთილებს და გავიზიარებ კოლეგების გამოცდილებასაც.


                               ხელმოწერა :                                     / ნინო გურეშიძე /
                                თარიღი :    20 აპრილი
               
                         
                       








                                             ტრენინგის   II   დღე  (28 აპრილი)
მიზანი და ამოცანები : წინა შეხვედრის შედეგების ანალიზი. აქტივობა ,,ოჯახის ბიუჯეტი“. მარტივი მრუდები და ტეხილები. გახსნილი და შეკრული წირები. ამოცანების განხილვა. ხაზების დაჯგუფების სქემის გაცნობა. აქტივობა ჭიკარტებითა და თასმით. ნაკვთის შიგა არე და საზღვარი, ამოცანების განხილვა თემაზე : ,,ნაკვთი და სხეული“. მრავალკუთხედები. წრფე, სხივი და ნახევარსიბრტყე. კვადრატი და მართკუთხედი. სამუშაო დღის შეჯამება.
რეზიუმე : ტრენინგი დაიწყო წინა შეხვედრის შეფასების ბარათების განხილვით. მივიღეთ პასუხები ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე. შემდეგ ჯგუფებში შევასრულეთ სიტუაციური ამოცანა ,,ოჯახის ბიუჯეტი“. პირობითად მოცემული 1200 ლარი გავანაწილეთ ოჯახის საჭიროებებზე და გამოვსახეთ წრიული დიაგრამის საშუალებით. გავაკეთეთ პრეზენტაციები.
                         გავეცანით საკითხავ მასალას, რომელმაც საშუალება მოგვცა დაგვეზუს-ტებინა ჩვენი წარმოდგენები ტეხილებისა და მრუდების შესახებ. ვიმსჯელეთ, როდის შეიძლება ისინი ჩავთვალოთ შეკრულებად, ან გახსნილებად. განვიხილეთ კერძო შემთხვევები, როცა წირი არც გახსნილია და არც შეკრული. ამოცანებზე მუშაობა დაგვეხმარა უფრო კარგად გაგვეაზრებინა თითოეული შემთხვევა და გაგვემყარებინა ჩვენი ცოდნა საკითხთან დაკავშირებით.
                       ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხაზების დაჯგუფების სქემის გაცნობა, რომელიც ხისებრი დიაგრამის სახით იყო წარმოდგენილი. აღნიშნული სქემა ნათელ წარმოდგენას იძლევა ნებისმიერი ხაზის რაგვარობის შესახებ და აგრეთვე კარგად ჩანს მათი ურთიერთკავშირი. ხაზების დაჯგუფების სქემა დაგვეხმარა ჯგუფური მუშაობისათვის განკუთვნილი ამოცანების ამოხსნაში.
                         ძალიან ეფექტური გამოდგა აქტივობა ჭიკარტებითა და თასმით. იგი მარტივი დასამზადებელია. ამ თვალსაჩინოების საშუალებით მინიმალურ დროში შეგიძლია მიიღო უამრავი გეომეტრიული ფიგურა. ჭიკარტებიანი დაფა და თასმა საშუალებას იძლევა ნათელი წარმოდგენა შეექმნათ ბავშვებს გეომეტრიული ფიგურების შესახებ და თან აქტიურად ჩაერთონ მათ ,,კეთებაში“. ჩვენც გაგვახალისა მრავალკუთხედების შექმნამ ჯერ 9 ჭიკარტის, შემდეგ კი 16-ის გამოყენებით. კმაყოფილი დავრჩი, რომ ჩვენმა ჯგუფმა ამ სავარჯიშოს შესანიშნავად გაართვა თავი და ტრენერების შექებაც დავიმსახურეთ.
                           შესვენების შემდეგ ტრენერებმა მოგვაწოდეს მასალა ნაკვთის შიგა არი-
სა და საზღვრის შესახებ. გავიაზრეთ, რა შემთხვევაში ეკუთვნის ნაკვთს შიგა არე, რა შემთხვევაშია იგი შემოსაზღვრული და შემოუსაზღვრელი. კვლავ პრაქტიკული ამოცანებით დავაზუსტეთ ჩვენი წარმოდგენები მოწოდებულ თემასთან დაკავშირებით.
                      შემდეგ გავეცანით მასალას მრავალკუთხედების შესახებ. განვიხილეთ სხვადასხვა შემთხვევა, შევასრულეთ დავალებები მათი პერიმეტრების  გამოთვლისა და შედარების შესახებ. დავაფიქსირეთ მიმართება კვადრატსა და მართკუთხედს შორის. ჯგუფებში განვიხილეთ წრფის, სხივისა და ნახევარსიბრტყესთან დაკავშირებული დებულებები, დავრწმუნდით მათ ჭეშმარიტებასა და არამართებულებაში.
                       სამუშაო დღის ბოლოს შევაფასეთ ტრენინგი და ტრენერები. ჩემი კომენტარები იყო დადებითი და მოლოდინით სავსე, რომ მომავალში ტრენინგი გახდება უფრო პრაქტიკული, ანუ ვისწავლით, როგორ ვასწავლოთ უფრო შედეგიანად და სამოდელო გაკვეთილების მონაწილენიც  გავხდებით .
 ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბითება : ტრენინგი იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ შესაძლებლობა მომცა გამეკეთებინა საკუთარი ცოდნისა და უნარების მობილი-ზება-შემოწმება. დავრწმუნდი, რომ მოწოდებულ თემებში მაქვს სათანადო ცოდნა და მზად ვარ დავხვეწო ჩემი სტრატეგიები, დავნერგო ინოვაციური მეთოდები ჩემი მოსწავლეების ცოდნის დონის ასამაღლებლად და უკეთესი შედეგების მისაღებად. აუცილებლად დავამზადებ ჭიკარტებიან დაფას და აქტიურად გამოვიყენებ ბავშვების სივრცითი წარმოდგენების განვითარების მიზნით.
                                    ხელმოწერა :                                           / ნინო  გურეშიძე /
                                     თარიღი : 30 აპრილი, 2013 წელი






                              მათემატიკა    (III  დღე - 19 მაისი)
მიზანი და ამოცანები : სტერეომეტრიული ფიგურების წარდგენა, მრავალწახნაგა, დამოკიდებულება მის წახნაგებს, წვეროებსა და წიბოებს შორის. ეილერის ტოლობისა და სტერეომეტრიული სხეულების საკლასიფიკაციო სქემის გაცნობა, პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა, მართკუთხა პარალელეპიპედის შესახებ წარმოდგენების დაზუსტება, ფართობის ცნება, ნაკვთის ფართობის გამოთვლის ხერხების გაცნობიერება, ჯგუფებში ამოცანების განხილვა და ამოხსნა, მანიპულატივების წარდგენა და მისი პრაქტიკულად გამოყენების ჩვენება,მოსწავლეთა სივრცითი წარმოდგენების განვითარების სტრატეგიების გაცნობა.ტრენინგის გაზაფხულის მოდულის შეფასება.
რეზიუმე: ტრენინგი დაიწყო შეფასების ბარათების განხილვით. ტრენერებმა გააკეთეს კომენტარები ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე,გავეცანით საკითხავ მასალას სტერეომეტრიული ფიგურების, კერძოდ, მრავალწახნაგების შესახებ. დავაზუსტეთ, რომ სტერეომეტრიულია ფიგურა, რომლის ყველა წერტილი სიბრტყეზე არ თავსდება. გავიაზრეთ ეილერის ტოლობა ნებისმიერი მრავალწახნაგასთვის. კერძოდ, წახნაგებისა და წვეროების რაოდენობათა ჯამი 2-ით მეტია წიბოების რაოდენობაზე. ამ ტოლობის მიხედვით სწრაფად და ზუსტად შეიძკება წიბოების რაოდენობის დადგენა. სტერეომეტრიული სხეულების საკლასიფიკაციო სქემა იძლევა საშუალებას თვალსაჩინოდ წარმოიდგინო, რა დამოკიდებულებაა სხვადასხვა სახის სხეულებს შორის. წარმოდგენილი ხისებრი დიაგრამა ძალიან დაგვეხმარა პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.საერთოდ, ბავშვებს ყოველთვის უჭირთ სივრცითი წარმოდგენების გააზრება. ტრენინგზე მიღებული გამოცდილება დამეხმარება  გავუადვილო მათ სტერეომეტრიული ფიგურების შესახებ სწორი წარმოდგენების შექმნა.
მომდევნო ეტაპზე გავეცანით მართკუთხა პარალელეპიპედის შესახებ მოწოდებულ საკითხავ მასალას.ჩემთვის აღმოჩენა იყო ცნება ,,აგურედი“, რომელიც პარალელეპიპედის უფრო დაზუსტებული და ადვილად წარმოსათქმელი სახელწოდებაა. რა თქმა უნდა მოსწავლეებისათვის აგურედი გაცილებით იოლი წარმოსადგენი და დასამახსოვრებელია. დავაზუსტეთ, რომ აგურედი არის სამგანზომილებიანი,ანუ აქვს სიგრძე, სიგანე და სიმაღლე.
                      თეორიული მასალის უკეთ გაგებისა და გააზრების მიზნით, ჯგუფებში შევასრულეთ მრავალფეროვანი სავარჯიშოები და დავალაგეთ დავალებათა ვარიანტები სირთულის მიხედვით. კერძოდ, დავადგინეთ პირველ ეტაპზე რა დონის ამოცანები უნდა მივცეთ მოსწავლეებს  და შემდეგ როგორ უნდა ვზარდოთ სირთულის ხარისხი. 
                         შესვენების შემდეგ ვიმუშავეთ ნაკვთის ფართობის გააზრებაზე, რაშიც ძალიან დაგვეხმარა საკითხავი მასალა. დავაზუსტეთ, რომ ყველა ნაკვთი რაღაც ადგილს იკავებს სიბრტყეზე და სწორედ ესაა მისი ფართობი. შესაძლოა ერთი ნაკვთი ფორმით ძალიან განსხვავდებოდეს მეორისაგან, მაგრამ მათ ზუსტად ერთნაირი ფართობი ჰქონდეთ, ანუ სიბრტყის ერთნაირ რაოდენობას იკავებდნენ.
                           პრაქტიკული სავარჯიშოები წარმოდგენილი იყო სერიებად. ყველა ვარიანტი განვიხილეთ ჯგუფებში. შემდეგ ჩვენ თვითონ შევადგინეთ ფართობის გამოთვლასთან დაკავშირებული ამოცანების ვარიანტები, რომლებიც დავალაგეთ სირთულის მიხედვით. ამოცანები თავისი ამოხსნებით დავწერეთ ფლიპჩარტებზე და გავაკეთეთ პრეზენტაციები. ტრენინგის მომდევნო ეტაპი აღმოჩნდა ჩემთვის და ყველა მონაწილისათვის განსაკუთრებით საინტერესო. ტრენერებმა ჯგუფებში დაგვირიგეს მათემატიკური მანიპულატივები: მაგნიტური ფორმები- მაგფორმერები და მაგნიტური ჩხირები- მაგნეტიქსები. მწვრთნელებმა მოგვცეს ინსტრუქციები მათი გამოყენების შესახებ. სქემები, რომლებიც თან ახლდა თითოეულ თვალსაჩინო მასალას, ძალიან გამოგვადგა საორიენტაციოდ. ჯგუფებში შევასრულეთ შემდეგი აქტივობები: მაგფორმერებით დავამზადეთ სტერეომეტრიული ფიგურები და მათი შლილები, ტანგრამები, ტოლდიდი ბრტყელი სხეულები სხვადასხვა ფიგურების
მიდგმით;  ,,სვეტებისა და კედლების“ თვალსაჩინოების საშუალებით წარმოვაჩინეთ მართკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულის მართებულობა. ,,კუბების“ კომპლექტის კუბებისაგან დავამზადეთ  ,, დაგრაგნილი“ ფორმის სივცული ფიგურე-  ბი; მაგნეტიქსის კომპლექტის გამოყენებით ,,შევქმენით“ მრავალწახნაგები, შევამოწმეთ ეილერის ფორმულის მართებულობა პრაქტიკულად, ჩვენს მიერ მიღებული ფიგურებისათვის. ასევე დავამზადეთ ღია და შეკრული ტეხილები, მრუდები, ბრტყელი გეომეტრიული კუთხოვანი ფიგურები. დავრწმუნდით, რომ მოწოდებული რესურსები უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა სივრცითი წარმოდგენების ფორმირებისა და დაზუსტების მიზნით.
                         დღის ბოლოს შევავსეთ ტრენინგის გაზაფხულის მოდულის შეფასების ბარათები.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სტერეომეტრიული  სხეულების საკლასიფიკაციო სქემის გაცნობა და მათემატიკურ მანიპულატივებზე მუშაობა. მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას აქტიურად გამოვიყენებ ბავშვებთან მუშაობისას.
                                           ხელმოწერა :                                           / ნ.გურეშიძე /
                                           თარიღი : 22 მაისი            
                      


                                                            
                                                 ანგარიში
ღონისძიების დასახელება- მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების ხელმძღვანელობა: ფასილიტატორების ტრენინგი.
ჩამტარებელი ორგანიზაცია- G-PRIED, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი.
ჩატარების ადგილი,დრო და ხანგრძლივობა-ქ. ქუთაისი, 2-3 ნოემბერი, 2013 წელი,12სთ.
მიზანი და ამოცანები- G-PRIED-ის მიზნების, მიდგომებისა და ინტერვენციების გაცნობა, ეფექტური და არაეფექტური პროფესიული განვითარების მახასიათებლები. რა არის ეფექტური პროფესიული განვითარება. G-PRIED-ის პროფესიულიგანვითარების მოდელი, მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები; დირექტორის, მასწავლებლისა და ფასილიტატორის ფუნქციები; ფასილიტაციის უნარები და სტრატეგიები; ზრდასრულთა განათლების თავისებურებები; ფასილიტაციის ოთხი ფაზის მიმოხილვა; ეფექტური კომუნიკაცია, დაკვირვება: მონაცემთა შეგროვება, აქტიური მოსმენა, შეკითხვების დასმა, პრობირება, კონსტრუქციული უკუკავშირი, წესების შემუშავება, კონფლიქტებისა და დესტრუქციული ქცევების მართვა; დესტრუქციული ქცევების მართვის სტრატეგიები; ეფექტური შეხვედრების ჩატარება, სესიის შეჯამება.
რეზიუმე- ტრენინგი დაიწყო მისალმებით, ერთმანეთისა და დღის წესრიგის გაცნობით.კიდევ ერთხელ გავეცანით საერთაშორისო შეფასების შედეგებს კითხვასა და მათემატიკაში. განვიხილეთ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PRIED) მიდგომები და პრინციპები: 1)მასწავლებელი არის გადაწყვეტილების მიმღები პირი; 2)ყველა მოსწავლეს შეუძლია სწავლა; 3)მასწავლებლის დანიშნულებაა დაეხმაროს თითოეულ მოსწავლეს წარმატების მიღწევაში. დავაზუსტეთ, რომ ეფექტური პროფესიული განვითარების უმთავრესი პრინციპია თანამშრომლობა- მასწავლებლები ერთმანეთისაგან სწავლობენ, ეხმარებიან ერთმანეთს მიზნების დასახვასა და მიღწევაში. ტრენინგის შემდეგ ეტაპზე ჩაგვიტარდა პრეტესტი.
                 შესვენების შემდეგ, გავიაზრეთ მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების არსი და აქტივობები: 1)სამოდელო გაკვეთილები;  2)ერთობლივი გაკვეთილები   3)სასწავლო სიტუაციის ანალიზი   4)გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება  5)მონაცემთა ანალიზი. გავაკეთეთ დასკვნა, რომ მასწავლებელთა საწავლო ჯგუფების წარმატებული ფუნქციონერებისათვის აუცილებელია მასში ჩართული ყველა მხარის-ფასილიტატორების, მასწავლებლებისა და დირექტორების მიერ საკუთარი როლისა და ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელება. ფლიფჩარტებზე ჩამოვწერეთ ეფექტური ფასილიტატორის მახასიათებლები და გავაკეთეთ პრეზენტაციები. შემდეგი აქტივობა იყო ,,ზრდასრულთა განათლების თავისებურებები“. ჩამოვწერეთ განსხვავებები ზრდასრულებისა და მოზარდების სწავლის პროცესისადმი მიდგომებზე. განვიხილეთ ფასილიტაციის 4 ფაზა: 1) მონაწილეების მიზიდვა და ჩართვა; 2)მონაწილეების ინფორმირება; 3)აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა; 4)მომავალი ღონისძიებების დაგეგმვა.
               ჯგუფებში დაგვირიგეს სიტუაციური ამოცანები ,,დესტრუქციული ქცევის მართვა“.განვიხილეთ და ჩამოვწერეთ აქტივობები, რითაც შევძლებდით ამ პრობლემის დაძლევას. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები გამოგვივიდა. საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების კიდევ უფრო დაკონკრეტების მიზნით, დაგვირიგეს სამუშაო ფურცლები ,,ეფექტური კომუნიკაცია“, სადაც განხილული იყო მასწავლებლების საუბარი და ჩვენ მოვნიშნეთ, დიალოგის რა ნაწილში ჩანდა პრობირება,მიზნობრივი პაუზა, აქტიური მოსმენა, კონსტრუქტიული უკუკავშირი და პერეფრაზირება. პრეზენტაციების დროს დავასაბუთეთ ჩვენი მოსაზრებები.
                                ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმო შეხვედრების ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელი სტრატეგიების გაცნობას. მივიღეთ რჩევები, რომლებიც  ფასილიტატორებს დაგვეხმარება თითოეული შეხვედრის წარმატებით ორგანიზებაში.დავაზუსტეთ, რა აქტივობები უნდა შევასრულოთ შეხვედრამდე, შეხვედრის დროს და შეხვედრის შემდეგ.ტრენინგი დასრულდა სამუშაო დღის შეჯამებით.
                                    II დღე-3 ნოემბერი,   2013 წელი
მიზანი და ამოცანები : მასწავლებელთა საწავლო ჯგუფების აქტივობების გაცნობა, სამოდელო გაკვეთილებზე დაკვირვება და განხილვა, ერთობლივი გაკვეთილების არსში გარკვევა, სასწავლო სიტუაციის ანალიზი, ფასილიტატორის ფუნქციები შეხვედრის მსვლელობის დროს, გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების ორგანიზება, მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობა და ფაზები, მონაცემთა ანალიზი-დემონსტრირება, ტრენინგის შეჯამება.
რეზიუმე-ტრენინგის მეორე დღე დაიწყო მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების აქტივობების გაცნობით. დავაზუსტეთ, რა არის სამოდელო გაკვეთილი და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი.განვიხილეთ სამოდელო გაკვეთილის ძირითადი ფაზები. შემდეგ ვნახეთ სამოდელო გაკვეთილი ,,როგორ ისწავლა გოჭმა ფრენა“. პარალელურად, ჯგუფებში შევავსეთ სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვების ფორმები. დაკვირვების ფოკუსი იყო კითხვის სამფაზიანი მოდელი. ფილმის მიმდინარეობისას ჩავინიშნეთ, როგორ ამზადებდა მასწავლებელი მოსწავლეებს წაკითხვამდე, რას აკეთებდა კითხვის დროს ტექსტის გაგება-გააზრების მიზნით და რა აქტივობებს მიმართა კითხვის დამთავრების შემდეგ რეფლექსია-შეჯამების ფაზაზე. განვიხილეთ დაკვირვების შედეგები.
                       ტრენინგის შემდეგ ეტაპზე ტრენერი გვესაუბრა ერთობლივი გაკვეთილების დაგეგმვა-ჩატარების შესახებ. გავიაზრეთ ჩვენი, როგორც ფასილიტატორის როლი ერთობლივი გაკვეთილის სესიის ორგანიზებისათვის. შესვენების შემდეგ ვნახეთ ფილმი ,,სასწავლო სიტუაციის ანალიზი“. დაგვირიგეს სამუშაო ფურცლები ფილმში გადმოცემულ მასალაზე დასაკვირვებლად. ამჯერად ჩვენი დაკვირვების ფოკუსს წარმოადგენდა ფაზები. ჩამოვწერეთ ფასილიტატორისა და მასწავლებლებისა ქმედებები საწავლო სიტუაციის მომზადების,გაცნობის, შეკითხვების შემუშავებისა და განხილვის დროს.შემდეგ ტრენერი გვესაუბრა გაკვეთილზე ურთიერთდასწრების შესახებ. დავრწმუნდით, რომ გაკვეთილზე ურთიერთდასწრება საუკეთესო საშუალებაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სწავლების გამოცდილების გაზიარების მიზნით. განვიხილეთ გაკვეთილზე ურთიერთდასწრების ძირიტადი ფაზები: ა)დასწრების ფოკუსის განსაზღვრა; ბ)გაკვეთილზე დასწრება; გ)გამოცდილების შეჯამება. გავაანალიზეთ ჩვენი როლი გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების ორგანიზების პროცესში. ვნახეთ შემდეგი ფილმი- ,,მონაცემთა ანალიზი“, პარალელურად შევავსეთ სამუშაო ფურცლები, დაკვირვების ფოკუსი იყო კვლავ ფაზები: მონაცემების შეგროვება და დამუშავება, ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, სასწავლო სტრატეგიების შერჩევა, მონიტორინგი და შეფასება. დავაზუსტეთ, რომ რეკომენდირებულია მონაცემთა ანალიზის შეხვედრები გაიმართოს დიაგნოსტიკური და განმავითარებელი შეფასებების ჩატარების შემდეგ.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაგვეხმარა პოსტესტზე მუშაობის დროს. პრეტესტისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო დარწმუნებული ვიყავი ჩემს პასუხებში და ვგრძნობდი,რომ კარგად გავერკვიე ჩემს ფუნქციებში.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება : ჩემთვის ტრენინგში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოვისმინე და გავიაზრე ბევრი სიახლე, რაც აუცილებლად დამჭირდება, როგორც ფასილიტატორს და როგორც მასწავლებელს წარმატებული მუშაობისათვის. სიახლე იყო ეფექტური პროფესიული განვითარების სტრატეგიები, ვნახე საუკეთესოდ გაკეთებული სასწავლო ფილმები; ვისწავლე, როგორ ვმართო კონფლიქტები და დესტრუქციული ქცევები, როგორ ვიმუშაო სასწავლო ჯგუფებში და როგორ დავეხმარო მასწავლებლებლებს პროფესიულ ზრდაში.
                    სკოლაში დაბრუნებისთანავე შევკრებ კოლეგებს, გავაცნობ მათ მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების აქტივობებს, მათი წინადადებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით  შევადგენ წლიურ სამუშაო გეგმას და აქტიურად დავიწყებთ მუშაობას პროფესიული განვითარების მიზნით.
                                  ხელმოწერა : ნინო გურეშიძე

                                თარიღი : 5 ნოემბერი, 2013 წელი


                                                       ანგარიში       
ღონისძიების დასახელება-ტრენინგი ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე (I-IV კლასები)“- მეორე მოდული. 10 ნოემბერი, 2013 წელი
ჩამტარებელი ორგანიზაცია-USAID, G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი
ჩატარების ადგილი-ზესტაფონის რაიონი, სოფ. დილიკაურის საჯარო სკოლა, ხანგრძლივობა-6 სთ., ტრენერები: მალვინა შანიძე და ხათუნა ფირცხალაშვილი
მიზანი და ამოცანები: პირველი მოდულის გახსენება და მეორე მოდულის მიზნების გაცნობა; მასწავლებლის თვითშეფასება  კითხვის სწავლების შესახებ; ტესტის შევსება; კითხვის დიფერენცირებულად სწავლების სადემონსტრაციო გაკვეთილის ჩვენება, დიფერენცირებული სწავლების საფუძვლების გაცნობა, პოსტტესტი; ტრენინგებს შორის შესასრულებელი სამუშაოს ჩანიშვნა; დღის შეფასება.
რეზიუმე- ტრენინგი დაიწყო მისალმებით. ინდივიდუალურად გავიხსენეთ პირველი მოდულის ყველაზე ეფექტური და სასარგებლო აქტივობები, შემდეგ დავწყვილდით და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები, ბოლოს გავაკეთეთ პრეზენტაციები. ვისაუბრეთ, პირველ მოდულში ნასწავლ რომელ სტრატეგიებს ვიყენებთ ყველაზე ეფექტურქდ სასწავლო პროცესში. ტრენერმა სლაიდების გამოყენებით გაგვაცნო მეორე მოდულის მიზნები. კერძოდ, მეორე მოდულის ძირითადი ამოცანაა კითხვის დიფერენცირებული სწავლება,მასწავლებელთა დამოუკიდებელი პრაქტიკა სკოლის ბაზაზე; ტრენერების მიერ გაკვეთილებზე დასწრება, პედაგოგთა სასწავლო ჯგუფებში მუშაობა.
          ინდივიდუალურად შევავსეთ მასწავლებელთა პროფესიული თვითშეფასების კითხვარი. ტრენინგის შემდეგი ეტაპი განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩვენთვის: მონაწილეობა მივიღეთ დიფერენცირებულად სწავლების მიდგომაზე აგებულ გაკვეთილში. ჩვენ მოვირგეთ მოსწავლეების როლი, ტრენერი იყო მასწავლებელი. გაკვეთილი იყო სამფაზიანი. ,,მოსწავლეები“ დავიყავით სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ჯგუფებად: 1) პრობლემური მკითხველები 2)გამართულ კითხვაში პრობლემების მქონე მკითხველები 3) გაწაფული მკითხველები. პირველ ჯგუფთან მასწავლებელი მუშაობდა ძირითადად, მეორე ჯგუფი მუშაობდა წყვილებად, აბზაც-აბზაც წაკითხვის მეთოდით. მესამე ჯგუფში კი ,,მოსწავლეები“ კითხულობდნენ ტექსტს  დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად ავსებდნენ სქემებს. როგორც მასწავლებელი, დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა განაპირობებს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, ყველა გადის მისთვის გამიზნულ შედეგზე, ვისწავლე კიდევ  ახალი ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა: ,,შესაძლო წინადადებები“, ,,მნიშვნელოვანი სიტყვები“, ,,სიტყვაზე ფიზიკური რეაქცია“, ,,ლექსიკური ერთეულების წინასწარ გაცნობა“, ,,სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციები“ . გავიაზრე, რომ დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე.
                  შესვენების შემდეგ გადავედით აქტივობაზე ,,დიფერენცირებული სწავლე-ბის ანალიზი“. ჩავერთეთ ტრენერის მიერ წარმართულ სტრუქტურირებულ აქტივობაში ,,SWOT ანალიზი“. გავაანალიზეთ დიფერენცირებული სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. ჩავერთეთ შემაჯამებელ დისკუსიაში. ვიმსჯელეთ, რა შეიძლება გაკეთდეს სუსტი მხარეებისა და რისკების აღმოსაფხვრელად.
            სამუშაო დღის ბოლოს ტრენერებმა გაგვაცნეს ტრენინგებს შორის შესასრულებელი სამუშაო. შემდეგ კი დაგვირიგეს ტრენინგის შეფასების ბარათები,რომელიც შევავსე დადებითი კომენტარებით.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ტრენინგმა ჩემი მოლოდინი სავსებით გაამართლა. სიახლე იყო სწავლებისადმი დიფერენცირებული მიდგომა; ვისწავლე ახალი მეთოდები. განსაკუთრებით მომეწონა სიტყვის ვერბალური და  ვიზუალური ასოციაციები, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
                                      ხელმოწერა : ნინო გურეშიძე
                                    თარიღი:  10 ნოემბერი, 2013 წელი






                                   II დღე - 1 დეკემბერი
მიზანი და ამოცანები: მისალმება, დღის განრიგის გაცნობა, შეფასების ბარათებზე გამოხმაურება; საშინაო დავალების პრეზენტაცია. შეფასების ტიპებისა და ინსტრუმენტების გაცნობა, სკრინინგი; დიაგნოსტირება და პროგრესის მონიტორინგი-არსში-არსში გარკვევა. კითხვის უნარის ტესტირება კლასებისა და კომპონენტების მიხედვით: რა? სად? როდის?; შეფასების შედეგების აღრიცხვა და ანალიზი. მართული პრაქტიკა: გაკვეთილის დაგეგმვა შეფასების შედეგების გამოყენებით; სამუშაო დღის შეფასება. ტრენინგებს შორის შესასრულებელი სამუშაოს მიცემა.
რეზიუმე : ტრენინგი დაიწყო მისალმებითა  და დღის განრიგის გაცნობით. შემდეგ გავაკეთეთ საშინაო დავალების პრეზენტაციები, წარმოვადგინეთ ჩატარებული გაკვეთილების მასალები და პროექტის ფარგლებში მიღებული წიგნების რეკლამები. ძალიან საინტერესო იყო კოლეგების ნამუშევრების გაცნობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება. გავეცანით შეფასების ტიპებსა და ინსტრუმენტებს გავიაზრეთ განმავითარებელი შეფასების არსი და დანიშნულება. ჯგუფებში განვიხილეთ სიტუაციური ამოცანა და შევცვალეთ მასწავლებლის კომენტარები გაუმჯობესებული ვარიანტებით. დავაზუსტეთ, რომ კითხვის უნარის განმავითარებელი შეფასების  სამი ძირითადი ტიპი არსებობს: 1) სკრინინგი : მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეების ადრეული გამოვლენა სიღრმისეული კვლევის გარეშე; 2) დიაგნოსტირება :  მოსწავლის წარმატება/წარუმატებლობის მიზეზების პოვნა; 3)პროგრესის მონიტორინგი : სწავლება-სწავლის პროცესის ეფექტურობის დადგენა. ტარდება პერიოდულად, რათა განისაზღვროს, ვის რა მიღწევა აქვს და  ვის რა დახმარება სჭირდება.
                    შესვენების შემდეგ ტრენერი გვესაუბრა კითხვის შეფასების ძირითად ფორმებსა და ინსტრუმენტების შესახებ. დავწყვილდით და დავინაწილეთ სხვადასხვა სახის ტესტები, მოვირგეთ მასწავლებლის და მოსწავლის როლები და გავითამაშეთ სიტუაციები, როგორ წარვმართავდით კითხვის ტესტებზე მუშაობის პროცესს. სულ 12 წყვილი შედგა და სიამოვნებით ვაკვირდებოდით თითოეულის პრეზენტაციას სიმულაციური თამაშის დროს. ტესტები აღმოჩნდა მრავალფეროვანი, ნათელი ინსტრუქციებით, ეროვნული სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისი. მათ თან ახლავს შესაბამისი ინსტრუქციები. შემდეგ ვნახეთ საგანმანათლებლო-მეთოდური ფილმი: ,,მონაცემთა ანალიზის შეხვედრა“. ფილმის განხილვა დაგვეხმარა ტესტის შედეგების ანალიზთან დაკავშირებული საკითხების გაგებაში, განმავითარებელი შეფასების შედეგების გაანალიზებაში და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.
                       შემდეგი აქტივობა იყო მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფებში. ტრენინგზე წარმოდგენილი შეფასების პრინცეპისა და ინსტრუმენტების გათვალისწინებით დავგეგმეთ დიფერენცირებული გაკვეთილები და მოვაწყვეთ პრეზენტაციები.
                     გავეცანით სკოლის ბაზაზე შესასრულებელ სამუშაოს და შევავსეთ და შევაფასეთ ტრენინგი.
 ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება-ტრენინგი, როგორც ყოველთვის, იყო საქ-
მიანი და ბევრის მომცემი. ჩემი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შემოთავაზებულმა კითხვის ტესტებმა. მეც ადვილად დავამზადებ ანალოგიურს და წარმატებით გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან მუშაობის დროს. გაკვეთილებსაც დავგეგმავ დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინებით.
                           ხელმოწერა : ნინო გურეშიძე
                           თარიღი:  1 დეკემბერი, 2013 წელი


                                                                 III  დღე- 15  მარტი
მიზანი და ამოცანები : სადემონსტრაციო გაკვეთილი , მართული კითხვა მცირე ჯგუფებში, დემონსტრირება, განხილვა,დისკუსია(პედაგოგიური რეფლექსია), კითხვის სწავლების კონცეპტუალური ჩარჩოს გაცნობა, ეფექტური დავალებებისა და რესურსების წარდგენა, მონაწილეების მიერ გაკვეთილების დაგეგმვა და პრეზენტაცია, სამუშაო დღის შეჯამება/შეფასება.
რეზიუმე: ტრენინგი დაიწყო სადემონსტრაციო გაკვეთილით. ტრენერმა შეასრულა მასწავლებლის როლი, ჩვენ- მოსწავლეების. მიმდინარე პროცესს ვაკვირდებოდით მასწავლებლის პოზიციიდანაც. გაკვეთილის მსვლელობისას ტრენერმა გამოიყენა ახალი. ეფექტური მეთოდები: სიტყვის პირამიდა, ვარაუდების სქემა და პერსონაჟის დახასიათების სქემა. გაკვეთილი იყო სამფაზიანი. მასწავლებელმა დაგვყო სამ ჰომოგენურ ჯგუფად, შეგვირჩია სამი სხვადასხვა დონის ტექსტი, ანუ ერთ გაკვეთილზე სამი განსხვავებული ტექსტი შემოიტანა, ჯგუფების უნარების შესაბამისი; მოგვცა ნათელი ინსტრუქციები და დავიწყეთ მუშაობა. ჯერ შევავსეთ სიტყვის პირამიდები, იმ ახალ სიტყვებზე, რომელიც შეგვხვდებოდა შესასწავლ ტექსტში. ტექსტს ვკითხულობდით ნაწილ-ნაწილ და პარალელურად ვავსებდით ვარაუდების სქემებს. განსაკუთრებით მომეწონა პერსონაჟის დახასიათების სქემა, რომელიც უზრუნველყოფს გმირის არამარტო თვისებების დადგენას, არამედ სათანადო ადგილების დამოწმებას ტექსტიდან და პერსონაჟის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას.
                   სადემონსტრაციო გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მოეწყო დისკუსია (პედაგოგოური რეფლექსია). ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება ამ აქტივობების გამოყენება გაკვეთილზე და მათი ადაპტირება კითხვის სხვადასხვა უნარ-ჩვევის სასწავლებლად. გავიაზრეთ, როგორ დაეხმარება ეს აქტივობები მოსწავლეებს შეძენილი ცოდნის გამოყენებაში, ან როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს ამ აქტივობებზე. ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. კოლეგების შეფასებების მოსმენამ დამარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება. შემდეგ ეტაპზე მოვისმინეთ ტრენერის პრეზენტაცია კითხვის სწავლების კონცეპტუალური ჩარჩოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დიფერენცირებულ სწავლებას. წარმოგვიდგინა ოპტიმალური დავალების მომზადების სქემა, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტის გათვალისწინებას მოიცავს: ინტერესი, უნარი, საჭიროება, რესურსი. ჯგუფებში შევავსეთ დავალების ცხრილი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების გათვალისწინებით. პრეზენტაციების მოსმენისას გავაკეთეთ სათანადო დასკვნები, კერძოდ, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მოუმზადოს ისეთი სახის დავალებები, რომელიც მორგებული იქნება მათ უნარებზე და საჭიროებებზე, გაითვალისწინოს ბავშვების ინტერესები და ისიც, რა რესურსი სჭირდება დავალების წარმატებით შესრულებისათვის.
                           მონაწილეთა დიდი მოწონება დაიმსახურა  მრავალფეროვანმა სამუშაო ბარათებმა, რომლებიც ტრენერმა წარმოგვიდგინა. ბარათებზე დატანილი კითხვები იძლევა ტექსტის ამომწურავად გაგება-გააზრების საშუალებას და ძალიან დაგვეხმარება ბავშვებთან სამუშაოდ. შემდეგ ვისაუბრეთ პატარა საკითხავი წიგნის სტრუქტურის შესახებ. ტრენერმა შემოგვთავაზა ჩვენც შევქმნათ მსგავსი საკითხავი წიგნები 5-7 წლის ბავშვებისათვის.
                        შემდეგი აქტივობა ისევ ჯგუფებში შევასრულეთ. დავგეგმეთ კითხვის სწავლების გრძელვადიანი გეგმები და გავუზიარეთ ერთმანეთს. კვლავ გაიმართა მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფებში. ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, პროექტის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა დონის ტექსტების გამოყენებით დავგეგმეთ დიფერენცირებული გაკვეთილი, დავამზადეთ მისი შესაბამისი დავალების ბარათები და გავაკეთეთ პრეზენტაციები. დღის ბოლოს შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა და შევავსეთ შეფასების ბარათები.
                                        ხელმოწერა:  ნინო გურეშიძე
                                        თარიღი : 15 მარტი,  2014 წელი









                                                VIII დღე-29 მარტი, 2014  წელი
მიზანი და ამოცანები: დღის განრიგისა და მისაღწევი შედეგების გაცნობა.საშინაო დავალების პრეზენტაცია. წერის სწავლება დაწყებით კლასებში. კითხვის უნარის განმავითარებელი შეფასება. ტრენინგ-პროგრამის შემაჯამებელი ტესტი. ტრენინგის პროგრამის შეფასება.
რეზიუმე: ტრენერების მიერ დღის განრიგისა და მისაღწევი შედეგების გაცნობის შემდეგ, გავაკეთეთ საშინაო დავალების პრეზენტაცია- წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი წიგნები. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი კოლეგების მრავალფეროვანი ნამუშევრების ნახვით.
                 შემდეგ დავიწყეთ მუშაობა წერის სწავლებაზე დაწყებით კლასებში. განვიხილეთ მოლოდინების გზამკვლევი და წერის ექვსი მახასიათებელი. დავასკვენით, რომ დღიური, როგორც პირადი, ასევე მიმოწერის ფორმის, წერის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია პირველი კლასიდანვე. ნაწერის ხარისხის შესაფასებისთვის კი უნდა გამოვიყენოთ წერის ექვსი მახასიათებელი: იდეები, აგებულება, ტონი, სიტყვების შერჩევა, წინადადებების გამართვა, მართლწერა. ჯგუფებში ვიმუშავეთ თითოეულ მახასიათებელზე, გავიაზრეთ მათი არსი და შევასრულეთ პრაქტიკული დავალებები. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები გამოგვივიდა.
                 ტრენერმა შემოგვთავაზა ფილმი  ,,სკოლისა და ტირილის იმერული ესკიზი“, რომლის მიმდინარეობისას შევავსეთ სქემა განმავითარებელი შეფასების შესახებ. ჯგუფებში ვიმსჯელეთ, რა სარგებლობა მოაქვს განმავითარებელ შეფასებას მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის. მოვიყვანეთ მაგალითები, თუ როგორ ვუმჯობესდებით, როგორც მასწავლებლები განმავითარებელი შეფასების საშუალებით. განვიხილეთ კონკრეტული სასწავლო სიტუაციები და მოვიფიქრეთ, როგორ ვუზრუნველყოფდით სწავლების დიფერენცირებას. ვისაუბრეთ მოსწავლის პორტფოლიოს, როგორც მისი პროგრესის ამსახველი შესანიშნავი კრებულის შესახებ. ასევე განვიხილეთ მასწავლებლის მონიტორინგის რვეულის ერთ-ერთი მარტივი ვარიანტი.
                  მომდევნო აქტივობა დაეთმო ეფექტურ უკუკავშირს. გავაცნობიერეთ, რომ სწორედ უკუკავშირის ხარისხი განაპირობებს მის ეფექტურობას და არა, უბრალოდ, უკუკავშირის არსებობა, ან არარსებობა. უკუკავშირი, რომელიც კონცენტრირებულია სამომავლო ნაბიჯებზე, მოსწავლეებს განუმტკიცებს წარმატებისა და გაუმჯობესების რწმენას.
                 ტრენინგის ბოლო ეტაპი დაეთმო ტრენინგ-პროგრამის შემაჯამებელ ტესტირებას, რომლის დასრულების შემდეგ შევავსეთ შეფასების ფურცლები.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: დასრულდა მართლაც ბევრის მომცემი, საქმიანი და საინტერესო ტრენინგ-პროგრამა, რომელიც დაგვეხმარა ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში და დახვეწაში. ვისწავლეთ უამრავი ახალი მეთოდი, ვნახეთ ეფექტური სამოდელო გაკვეთილები და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო ფილმები. სკოლის ბაზაზე პრაქტიკულად ვახორციელებდით ნასწავლ აქტივობებს, რაც აშკარად დადებითად აისახა ჩვენი მოსწავლეების ცოდნის დონეზე. პროექტის ფარგლებში მივიღეთ სასწავლო რესურსები, რომელთა დახმარებით კიდევ უფრო მიღწევადი გახდა სასწავლო მიზნები.
               ჩემს კოლეგებთან ერთად მომავალშიც აქტიურად გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას და მუდმივად ვიზრუნებ, რომ ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვიყო წარმატებული.
                                             ხელმოწერა: ნ. გურეშიძე

                                     თარიღი: 30 მარტი, 2014 წელი










                                             ანგარიში
ღონისძიების დასახელება : დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებელთა ტრენინგი,USAID, G-PRIED, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, ტრენერები: ფატი გაფრინდაშვილი და ალექსანდრე ბაძგარაძე, თარიღი : 17 ნოემბერი, ხანგრძლივობა-6 საათი, ჩატარების ადგილი : დილიკაურის საჯარო სკოლა
მიზანი და ამოცანები : პროექტისა და ტრენინგის მოკლე მიმოხილვა; პოზიციური სისტემის გამოყენება რაოდენობის დადგენისა და რიცხვის ჩაწერისას; აქტივობის გააზრება კონსტრუქტივიზმის თვალსაზრისით; პრეტესტი; მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების საფუძვლები; მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და უნარ-ჩვევების განსაზღვრა; ტრადიციული და შეთხზული სტრატეგიები; ჯგუფური მუშაობა ,,ტრადიციული ალგორითმები“ ; შეთხზული სტრატეგიების შექმნა; მათემატიკური დავალების ბარათები, მათი გაცნობა და დახარისხება; აქტივობის დაგეგმვა ბარათების საშუალებით; სასწავლო გარემო-ავეჯის განლაგება; სასწავლო თვალსაჩინოებები- მოდელების გამოყენება სასწავლო პროცესში. სასწავლო თემის სწავლების სამფაზიანი მოდელი კონსტრუქტივიზმში. სამოდელო გაკვეთილის ნახვა და ანალიზი. სამუშაო დღის შეჯამება
რეზიუმე: მისალმების შემდეგ გავიხსენეთ პირველი მოდულის მიზნები და ამოცანები. განვიხილეთ პრაქტიკული მაგალითები პოზიციური სისტემის გამოყენებით რაოდენობის დადგენის და რიცხვის ჩაწერის. გავიაზრეთ სიტუაციური ამოცანა ,,მეფე და ბრინჯის ტომრები“, ანუ როგორ შეძლო ჭკვიანმა ვეზირმა მეფის ხაზინის შემოსავლის ზუსტად დათვლა რიცხვების გამოუყენებლად, მხოლოდ თითების დახმარებით. მოვირგეთ მთვლელებისა და გლეხების როლები. პირველი მთვლელის ათი თითი უდრიდა მეორე მთვლელის ერთ თითს, მეორე მთვლელის 10 თითი- მესამე მთვლელის 1 თითს. დავასკვენით, რომ ასე ციფრების გამოყენების გარეშეც კი შესაძლებელია დიდი რაოდენობის დადგენა.
              პრეტესტზე მუშაობის შემდეგ გავეცანით მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების საფუძველს, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს : 1)სწავლა ცოდნის
კონსტრუირების გზით 2)სწავლება ამოცანების ამოხსნის საშუალებით 3)გაკვეთილების დაგეგმვა 4)მოსწავლეების წინსვლის ზუსტი შეფასება. დავაზუსტეთ განსხვავება ტრადიციულ და შეთხზულ სტრატეგიებს შორის. განვიხილეთ კონკრეტული მაგალითები პირდაპირი მოდელირების, ტრადიციული ალგორითმებისა და შეთხზული სტრატეგიების გამოყენებით.
                  შესვენების შემდეგ ვიმუშავეთ ჯგუფურად და თვითონვე შევქმენით შეთხზული სტრატეგიები. მოვახდინეთ გამოთვლების ინტეგრირება პოზიციური სისტემის პრინციპებთან. ტრენინგის შემდეგი ეტაპი დაეთმო ეფექტური სასწავლო გარემოს მიმოხილვას. გავაცნობიერეთ, რომ მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს გაკვეთილის ,,მათემატიკური კლუბისთვის “ დამსგავსება, სადაც მოსწავლეები ერთმანეთთან და მასწავლებელთან იდეების აქტიურ გაცვლა-გამოცვლას ახორციელებენ. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის მათემატიკური დავალებების ბარათები. ჯგუფებში დავახარისხეთ ისინი მათზე მუშაობის ფორმების მიხედვით, ანუ-ინდივიდუალურად, წყვილებში, ჯგუფებში სამუშაოდ. ფლიფჩარტებზე დავაწებეთ ფერადი ჯიბაკები, ჩავალაგეთ მათში შერჩეული ბარათები და გავაკეთეთ პრეზენტაციები.
                       გავეცანით სასწავლო თვალსაჩინოებებს - სამანიპულაციო მოდელებს, სქემებს, რიცხვთა კიბეს, ,,გამრავლება-გაყოფას რიცხვთა სხივზე“. ტრენერი გვესაუბრა სასწავლო თემის სწავლების სამფაზიანი მოდელის შესახებ კონსტრუქტივიზმში. ვნახეთ და გავაანალიზეთ სამოდელო გაკვეთილი ,,მათემატიკის კონსტრუქტივისტული სწავლება დაწყებით კლასებში“. დავრწმუნდი, რა მნიშვნელოვანია პირველი ფაზა, როცა ხდება მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება, ანუ მასწავლებელი ზუსტად იღებს ინფორმაციას, რა იციან მისმა მოსწავლეებმა, არიან, თუ არა მზად, თვითონ შეძლონ ,,აღმოჩენა“ ახალი ცოდნის. მასწავლებელს არაფერი არ აუხსნია, კონსტრუქტივისტული მეთოდების გამოყენებით ბავშვები თვითონ მიხვდნენ,როგორ უნდა გადაეჭრათ მათ წინაშე არსებული ამოცანა და სახვადასხვა ხერხით მივიდნენ სწორ პასუხამდე.
                    შეჯამება-დებრიფინგის შემდეგ, შევაფასეთ სამუშაო დღე.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება :  ტრენინგი გამოირჩეოდა წინამორბედებისაგან იმით, რომ დაიწყო უკვე პრაქტიკული სწავლება, ანუ, ვისწავლეთ, როგორ ვასწავლოთ. სამოდელო გაკვეთილზე ნანახიდან ბევრ რამეს გადმოვიტან ჩემს პრაქტიკაში. ასევე ეფექტურად გამოვიყენებ გადმოცემულ მათემატიკურ ბარათებს. მათზე დატანილი მრავალფეროვანი მასალა დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს ლოგიკური აზროვნების განვითარებაში.
                          ხელმოწერა: ნინო გურეშიძე
                     თარიღი : 17 ნოემბერი, 2013 წელი


                         მეორე დღე  -  8 დეკემბერი, 2013 წელი
მიზანი და ამოცანები : მისალმება, მისაღწევი შედეგების განხილვა; სამანიპულაციო მოდელების გამოყენების ინსტრუქციები; სწავლების ზოგადი პრინციპები, კავშირი პედაგოგიურ პრაქტიკასთან; რიცხვების გააზრება და ნუმერაცია. გამჭოლი კომპეტენციები; მონაწილეთა პრეზენტაციები; რიცხვებისა და მათზე მოქმედებების სწავლების მეთოდოლოგია; რიცხვების კონსტრუქტივისტული სწავლების ნიმუში; დანერგვის დავალების მიცემა.
რეზიუმე : მისალმებისა და მისაღწევი შედეგების განხილვის შემდეგ, ტრენერმა გაგვაცნო სამანიპულაციო მოდელების გამოყენების ინსტრუქციები. გავიაზრეთ, რომ მათემატიკის გაკვეთილებზე სამანიპულაციო მოდელების გამოყენებისას საჭიროა გავითვალისწინოთ ბავშვების ასაკი, მივცეთ მკაფიო ინსტრუქციები, ვუზრუნველვყოთ სამანიპულაციო მოდელების ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენება წავახალისოთ. მოსწავლეებს საშუალება უნდა მივცეთ თვითონ მიაგნონ რაოდენობრივ მიმართებებს, წარმოაჩინონ მოდელის შესაძლებლობები მათემატიკური ცნებებისა და პროცედურების გამოსახვაში.
               შემდეგ განვიხილეთ სწავლების ზოგადი პრინციპები, გავეცანით მათემატიკაში გაწაფული მოზარდების მახასიათებლებს. დავინტერესდი ტრენერის მიერ წარმოდგენილი გამჭოლი კომპეტენციებით I-IV კლასებისათვის,
ესენია: თვლა, რიცხვებზე მოქმედებების გააზრება, რაოდენობა, კავშირები, წარმოდგენის ფორმები. ჯგუფებში დავინაწილეთ დავალებები და თითოეული კომპეტენციის შესაბამისად პლიფჩარტებზე წარმოვადგინეთ სავარჯიშოები. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები გამოგვივიდა, შემდეგ კვლავ ვიმუშავეთ ჯგუფურად და დავგეგმეთ აქტივობები მოსწავლეთა მახასიათებლებისა და რიცხვებზე მოქმედებების სწავლების სტრატეგიების საფუძველზე. შესვენების შემდეგ გავეცანით რიცხვებისა და მათზე მოქმედებების სწავლების მეთოდოლოგიას. განსაკუთრებით ეფექტური იყო რიცხვთა დასახელებისა და ჩაწერის სწავლება. ანუ, როცა ბავშვი ამბობს 78-ს, და წერს 38-ს.ეს რომ არ მოხდეს, 78 უნდა წარმოვადგინოთ ასე: 3 ოცს+ 18. დათვლიან, რომ სულ 7 ათეულია და დაწერენ-78-ს. შევასრულეთ პრაქტიკული სავარჯიშოები.
                     ტრენინგის შემდეგ ეტაპზე ტრენერი გვესაუბრა გაყოფის სწავლების მეთოდოლოგიაზე. დავაზუსტეთ, რომ გაყოფის ზოგადი შემთხვევაა ნაშთიანი გაყოფა და მისი კერძო სახეობაა უნაშთო გაყოფა. ჯგუფებში შევასრულეთ აქტივობები: II და  III ფაზების გააზრება. გავაკეთეთ პრეზენტაციები, რომელიც კიდევ უფრო დაგვეხმარა ტრენინგზე მიღებული ცოდნის განმტკიცებაში. შეჯამება-დებრიფინგის შემდეგ ტრენერმა მოგვცა დანერგვის დავალებები.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ტრენინგზე შევიძინე ახალი ცოდნა, გავიაზრე გამჭოლი კომპეტენციების არსი, მივიღე რეკომენდაციები სამანიპულაციო მოდელების გამოყენების შესახებ, ჩავწვდი რიცხვებისა და მათზე მოქმედებების სწავლების მეთოდოლოგიას. მოღებულ ცოდნას და გამოცდილებას აქტიურად დავნერგავ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
                                 ხელმოწერა: ნინო გურეშიძე

                                თარიღი:  17 დეკემბერი, 2013 წელი


                                        V  დღე - 23 მარტი
მიზანი და ამოცანები : განმავითარებელი შეფასების არსის და დანიშნულების გაცნობიერება, განმავითარებელი შეფასება საქართველოს სკოლებში - გაანალიზება. დიაგნოსტიკური ტესტირება მათემატიკაში, სადიაგნოსტიკო ტესტირების ადმინისტრირება. დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგების აღრიცხვა და ანალიზი; ვიდეოფილმის ჩვენება და განხილვა. სამუშაო დღის შეფასება.
რეზიუმე : მისალმებისა და სამუშაო დღის განრიგის გაცნობის შემდეგ, ტრენერი გვესაუბრა განმავითარებელი შეფასების არსისა და დანიშნულების შესახებ. გავიაზრეთ, მისი  შესაძლებლობები სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში. განვიხილეთ მოსწავლეთა საკვანძო მათემატიკური კომპეტენციები. გავაცნობიერეთ, რომ დიაგნოსტიკური ტესტის საშუალებით ჩატარებული შეფასების მიზანია  სწავლების პროცესისათვის გეზის მიცემა  და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ან დიფერენცირებული სწავლების დაგეგმვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დახურული და ღია კითხვებიდან ისეთი სახის ინფორმაცია მივიღოთ, რაც სწავლაში ბავშვის საჭიროებების გარკვევის საშუალებას მოგვცემს. მოსწავლეთა მზაობის შეფასების და პროგრესის მონიტორინგის მიზნით სკრინინგული ტესტის გამოყენება მიზანშეწონილია პირველი სემესტრის დასაწყისში ( წინა კლასის ტესტი) და მეორე სემესტრის დასრულებამდე 1თვით ადრე ( მოცემული კლასის ტესტი).
                 ტრენინგის შემდეგ ეტაპზე დავიყავით ჯგუფებად და ჩავატარეთ ტესტირების მოდელირება კლასების მიხედვით. ტესტირების შედეგები შევიტანეთ ჯერ აღრიცხვის ცხრილში, ხოლო შემდეგ, მის საფუძველზე -შეჯამებისა და ანალიზის ცხრილში. განვსაზღვრეთ მოსწავლეთა პროფილები შევსებული ცხრილების საშუალებით.
                 გავეცანით ვიდეოფილმის ანალიზისთვის  განკუთვნილ შეკითხვებს, ვნახეთ ფილმი და მოვაწყვეთ მისი განხილვა.
                 ტრენინგის ბოლოს შევაფასეთ სამუშაო დღე და მივიღეთ სკოლის ბაზაზე შესასრულებელი დავალებები.
                                ხელმოწერა: ნინო გურეშიძე
                                     თარიღი: 24 მარტი 2014 წელი







                      VI დღე- 6 აპრილი, 2014 წელი
მიზანი და ამოცანები: დღის განრიგისა და მისაღწევი შედეგების განხილვა. სწავლისა და ათვისების შემოწმება. სწავლისა და ათვისების შემოწმების საშუალებები. კონსტრუქციული უკუკავშირი. სასწავლო პროცესის კორექცია განმავითარებელი შეფასების შედეგების შესაბამისად. დანერგვის დავალება. პოსტესტი. ტრენინგის შეფასების ბარათების შევსება.
რეზიუმე:  დღის განრიგის გაცნობის შემდეგ, ტრენერი გვესაუბრა მოსწავლის სწავლისა და ათვისების შემოწმების შესახებ. გავიაზრეთ, რომ რაც უფრო ეფექტურად ამოწმებს მასწავლებელი მოსწავლეების სწავლასა და ათვისებას, მით უფრო ეფექტურად ასწავლის იგი. მონაწილეები დავწყვილდით და დეტალურად აღვწერეთ წარმატებული და ნაკლები შედეგების მქონე მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები კონკრეტულ სასწავლო საკითხთან დაკავშირებით. კოლეგებთან ერთად ვიმსჯელე ჩვენი მოსწავლეების მიერ ამა თუ იმ მასალის სწავლისა და ათვისების შესახებ და შევეცადეთ გამოგვევლინა მათ მიერ არასწორად გაგებული საკითხები.  შემდეგ ჯგუფებში განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეების მიერ არასწორად გაგებული საკითხების  გათვალისწინებით შევცვალოთ მათი სწავლება ჩვენს საკლასო ოთახში.
                      პრეზენტაციების შემდეგ, რომელიც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, კვლავ ვიმუშავეთ ჯგუფურად: მოვიფიქრეთ, როგორ ვუზრუნველყოფდით სწავლების დიფერენცირებას კონკრეტული სასწავლი სიტუაციის შესაბამისად.
                      ტრენინგის მომდევნო ეტაპზე ტრენერი გვესაუბრა დაკვირვების გამოყენების მნიშვნელობაზე სწავლისა და ათვისების შესამოწმებლად. დაკვირვების შედეგად ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოვარგოთ მოსწავლის საჭიროებებს (ცოდნის დონის ამაღლებას) ჩვენს მიერ მასზე დაკვირვების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. შემდეგ ვიმუშავეთ შეკითხვების გამოყენებაზე სწავლისა და ათვისების შესამოწმებლად. ჯგუფებში მოვიფიქრეთ სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის ეფექტური შეკითხვები, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემთ უფრო ღრმად გაიაზრონ საკითხი. მივიღეთ სასარგებლო რჩევები, თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, რომელიც არასწორ პასუხებს გვაძლევს. საინტერესო იყო მუშაობა კონსტრუქციულ უკუკავშირზე. გავიაზრეთ, თუ რას ნიშნავს ეფექტური უკუკავშირი. დავაკვირდით პრაქტიკული ამოცანის მიმდინარეობას- ორი კოლეგიდან ერთი იყო მასწავლებელი, მეორე კი მოსწავლე. დაკვირვების პროცესში მივაწოდეთ შესაბამისი უკუკავშირი. შემდეგ განვიხილეთ აღწერითი და შეფასებითი უკუკავშირის მაგალითები.
                      ნაშთიანი გაყოფის  მაგალითზე მოვახდინეთ სასწავლო პროცესის კორექცია განმავითარებელი შეფასების შედეგების შესაბამისად. გავეცანით მონიტორინგის რვეულს და დავასკვენით, რომ იგი იძლევა მოსწავლეზე დაკვირვებისა და მონაცემების შეგროვების მაქსიმალურ შესაძლებლობას.
                         ტრენინგის დასკვნით ეტაპზე ვიმუშავეთ პოსტესტზე, მივიღეთ დანერგვის დავალება და შევავსეთ  შეფასების ბარათები .
                     ხელმოწერა : ნ. გურეშიძე

                      თარიღი: 7 აპრილი, 2014 წელი






                       ფასილიტატორების ტრენინგის ანგარიში
ღონისძიების დასახელება : ტრენინგი ფასილიტატორებისათვის: ,,მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების ხელმძღვანელობა“
ჩამტარებელი ორგანიზაცია:USAID- საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი
ჩატარების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა: 3 მაისი, 2014 წელი, ქუთაისის # 32 საჟარო სკოლა
მიზანი : ფასილიტატორების კვალიფიკაციის ამაღლება მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების ხელმძღვანელობაში; სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა.
ამოცანები : მისალმება, ტრენინგის მიზნის გაცნობა, ფასილიტატორის თვითშეფასება, მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფებში მუშაობა: რეფლექსია, სამოდელო გაკვეთილები და დაკვირვების ფორმები, ერთობლივი გაკვეთილი და გაკვეთილის გეგმის შეფასების რუბრიკა; სასწავლო სიტუაციის ანალიზი- როლური თამაში; გაკვეთილზე ურთიერთდასწრება და დაკვირვების საგანი, მონაცემთა ანალიზი სხვადასხვა დონეზე; ფასილიტატორების ანგარიშგება; ფასილიტატორების მონიტორინგი ტრენერების მიერ; კრიტიკული მეგობრების ჯგუფი; დირექტორთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობა; ეფექტური შეხვედრები; ტრენინგის შეფასება.
რეზიუმე: მისალმებისა და სამუშაო დღის განრიგის გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ G-PRIED-ის მიდგომები; გავაანალიზეთ სასწავლო ჯგუფების აქტივობები: მონაცემთა ანალიზი, სამოდელო გაკვეთილები, ერთობლივი გაკვეთილები, გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება და სასწავლო სიტუაციის ანალიზი. ვისაუბრეთ დირექტორის, ფასილიტატორისა და მასწავლებლის ფუნქციებზე. შემდეგ ტრენერმა დაგვირიგა ფასილიტატორის შეფასების სქემები და შევაფასეთ საკუთარი თავი და ჩვენს მიერ გაწეული მუშაობა გასული წლის ნოემბრიდან- დღემდე. კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ ჩემს მიერ სკოლის ბაზაზე ჩატარებული აქტივობები მაძლევდა საშუალებას მაღალი ქულებით მომეხდინა თვითშეფასება. მომდევნო აქტივობამ-,,ოთხი კუთხე“ ძალიან დამაინტერესა.ფასილიტატორები გადავნაწილდით აუდიტორიის ოთხ კუთხეში ჩვენს სკოლაში სასწავლო ჯგუფების მუშაობის ეფექტურობის მიხედვით. შეფასების კრიტერიუმები იყო: 1)სრულად ვეთანხმები, 2)ვეთანხმები, 3)ნაწილობრივ ვეთანხმები, 4)არ ვეთანხმები.  მე დავდექი პირველ კუთხეში, მხოლოდ ერთ მონაწილესთან ერთად
  და არგუმენტირებულად დავასაბუთე, თუ რატომ ვეთანხმებოდი სრულად სასწავლო ჯგუფის ძალიან ეფექტურად მუშაობას ჩემს სკოლაში.
                       ტრენინგის შემდეგ ეტაპზე განვიხილეთ მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფებში მუშაობის  ხუთივე ფორმა, გავეცანით გაკვეთილის შეფასების  რუბრიკებს, როგორც ქართულში, ასევე მათემატიკაში. ტრენერებმა ჯგუფებში დაგვირიგეს სასწავლო სიტუაცია და მოვაწყვეთ როლური  თამაში: ავირჩიეთ ლიდერები, რომლებმაც წარმართეს მოცემული სიტუაციის შესაბამისად სიმულაციური სხდომები. ჩემს ჯგუფში მე ვიყავი ფასილიტატორის როლში. ჩემს მიერ წარმართულმა ფასილიტაციამ  ტრენერების მოწონება დაიმსახურა.
                        შესვენების შემდეგ,  ფასილიტატორებმა ვისაუბრეთ რეალურ ვითარებაზე ჩვენს სკოლებში, წარმოვადგინეთ გაწეული მუშაობის ანგარიში, ყურადღება გავამახვილეთ არსებულ პრობლემებზე. ძალიან საინტერესო იყო კოლეგების გამოცდილების გაზიარება.
                         ტრენერმა წარმოგვიდგინა სასწავლო ჯგუფის შეხვედრის კიდევ ერთი ფორმატი ,,კრიტიკული მეგობარი“ , გვესაუბრა კრიტიკული მეგობრების ჯგუფის სესიის ორგანიზების შესახებ.
                           დასკვნით ეტაპზე ვისაუბრეთ დირექტორთან და მასწავლებლებთან  თანამშრომლობისა და ეფექტური შეხვედრების შესახებ. დღის ბოლოს შევავსეთ ტრენინგის შეფასების ბარათები.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კოლეგების გამოცდილების გაზიარება, ტრენერების მიერ ჩვენი შეფასება და თვითშეფასება. ტრენინგზე ჩატარებული აქტივობების შედეგად კიდევ უფრო ნათელი გახდა, თუ როგორ უნდა გავხადო ჩემი საქმიანობა გაცილებით ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს გამოვიყენებ ჩემს მიზნობრივ ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობისათვის, ერთად გადავჭრით სწავლა-სწავლებაში არსებულ პრობლემებს და ვეცდებით ავამაღლოთ ჩვენი მოსწავლეების ცოდნის დონე.
                                        ნინო გურეშიძე
                                        5 მაისი, 2014 წელი







                                   შსო ტრენინგის ანგარიში
ღონისძიების დასახელება:  ტრენინგი  ,,შებრუნებული სასწავლო ოთახი“
ხანგრძლივობა:  5 დღე, სულ - 20 საათი
ჩატარების ადგილი:  ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლა
ტრენერი: მანანა კაპანაძე
მიზანი : მასწავლებლებმა შეძლონ მოსწავლეებისათვის სწავლის განსხვავებული მოდელის შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს მათში მოტივაციის ამაღლებას.
აქტივობები: აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემონსტრირება - მართული პრაქტიკა, დამოუკიდებელი ვარჯიში ( D-GP-IP), მონაწილეთა პრეზენტაციები
                                    I დღე- 1 ივნისი, 2014 წელი
მიზანი: შებრუნებული საკლასო ოთახის არსის გაცნობა; ედმოდოში დარეგისტრირება; თემების შერჩევა ვიდეოს და ელექტრონული წიგნის მოსამზადებლად.
რეზიუმე: წარდგენისა და ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზნები და საორგანიზაციო საკითხები. ვნახეთ ვიდეო ,,21-ე საუკუნის განათლება“. ვიმსჯელეთ, რა შეიცვალა და რატომაა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები. გავეცანით კორნელის ჩანაწერების მეთოდს. ვუყურეთ ვიდეოს ,,რა არის შებრუნებული საკლასო ოთახი“. გავიაზრეთ, რას ნიშნავს დიფერენცირებული, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება; როგორ ვასწავლთ მოსწავლეს სწავლის ეფექტური სტრატეგიები. შემდეგ ტრენერმა დაგვარეგისტრირა საგანმანათლებლო სოციალურ ქსელში - ედმოდოში. გაგვაწევრიანა თავის ჯგუფში, სადაც მომავალში შეგვეძლება გაზიარებული რესურსების ნახვა. დავიყავით სამ ჯგუფად და გავეცანით ედმოდოზე ატვირთულ გაკვეთილის გეგმებს და რესურსებს ქართულში, მათემატიკაში და ბუნებაში. ჯგუფებში განვიხილეთ და ვიმსჯელეთ ამ რესურსების გამოყენებით რა უნარებზე გადიან მოსწაველეები; არის, თუ არა ვიდეო მიზანმიმართულად გამოყენებული გაკვეთილისთვის, რა უპირატესობა ექნება ამ სახით მიწოდებულ მასალას კლასში ამ კონკრეტული გაკვეთილის მაგალითზე? ამ კითხვების მიხედვით გავაკეთეთ გაკვეთილის გეგმის და რესურსების პრეზენტაცია. ტრენერი გვესაუბრა შებრუნებული საკლასო ოთახის უპირატესობებზე. კერძოდ, მოსწავლე სწავლობს დროის მართვას და დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევებს იმუშავებს, ორიენტირებულია სიღრმისეულ გაგებაზე, გათვალისწინებულია ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები, მეტი დრო ,,სუსტი“ მოსწავლისათვის. ბავშვი სწავლობს ბუნებრივი რიტმით, იზრდება მასწავლებელი- მოსწავლის ინტერაქცია, უმჯობესდება კლასის მართვა.
                         მომდევნო ეტაპზე კვლავ დავიყავით ჯგუფებად, მე-2 კლასის სტანდარტების მიხედვით შევარჩიეთ თემები და დავგეგმეთ გაკვეთილები შებრუნებული საკლასო ოთახისათვის. ტრენერმა გვაჩვენა საპრეზენტაციო ფაილი ,,ვიდეოს შექმნა“. ვნახეთ ვიდეოს შექმნის 4 საფეხური:
1.      გაკვეთილის დაგეგმვა
2.      ვიდეოს ჩაწერა
3.      რედაქტირება
4.      გამოქვეყნება
ტრენინგის ბოლოს შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა და ტრენერისაგან მივიღეთ დავალებები.
                       მეორე დღე - 7 ივნისი, 2014 წელი
მიზანი: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განხილვა, ვიდეოს შექმნა; რეკომენდაციების მიცემა ვიდეოს შესაქმნელად.
რეზიუმე: ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების განხილვით. ტრენერმა გვიპასუხა შეკითხვებზე. შემდეგ გაიმართა დისკუსია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ. კერძოდ, როგორ პასუხობს აღნიშნული უნარ-ჩვევების გამომუშავებას შებრუნებული საკლასო ოთახი. მივიღეთ რეკომენდაციები ვიდეოს შესაქმნელად, მოვისმინეთ ლექცია ვიდეო და აუდიო ფაილების შესახებ. ვისწავლეთ D – GP – IP : ხმის ჩაწერა, ვიდეოს ჩაწერა და შენახვა. გავეცანით პროგრამის MOVIE MAKER- ძირითად ინსტრუმენტებს, როგორ იქმნება ვიდეო-კლიპი, ვისწავლეთ სურათების და აუდიო ფაილის ჩასმა კოლექციაში, ვიდეო და ანიმაციური ეფექტები, წარწერების ჩამატება, დასრულებული ფორმატის შენახვა სხვადასხვა ფორმატში. დღის ბოლოს ტრენერმა მოგვცა დავალება- შერჩეულ თემაზე ვიდეოს ჩაწერა.
                 
                    მესამე დღე- 15 ივნისი, 2014 წელი
მიზანი: ვიდეოს შექმნა და ვირტუალურ ბიბლიოთეკაში ატვირთვა. ელექტრონული ტესტების შექმნა.
რეზიუმე: მისალმების შემდეგ განვიხილეთ TED ვიდეო. ტრენერი გვესაუბრა მასწავლებლის როლზე შებრუნებულ საკლასო ოთახში. გაიმართა დისკუსია: რა სჭირდება მოსწავლეს შებრუნებულ საკლასო ოთახში წარმატების მისაღწევად? დავასკვენით, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია მათი მოტივირება, სახლში სწავლისათვის ხარისხიანი კონტენტით უზრუნველყოფა, მოსწავლეზე ორიენტირებული, მაგრამ სტრუქტურირებული საკლასო ოთახის შექმნა.
                    შესვენების შემდეგ პრაქტიკულად ვიმუშავეთ MOVIE MAKER - ში. ტრენერმა დემონსტრირება გაუკეთა გამოყენებული საპრეზენტაციო ფაილების ატვირთვას ედმოდოს ბიბლიოთეკაში. მონაწილეებმა არჩეულ თემებზე შევქმენით ტესტები ედმოდოში. მივიღეთ საშინაო დავალება - განვათავსოთ ედმოდოზე პოსტები ვიდეოს შესახებ და დავამუშავოთ სცენარი ელექტრონული წიგნისათვის.
                მეოთხე დღე- 22 ივნისი, 1014 წელი
მიზანი: ელექტრონული წიგნების შექმნა.
რეზიუმე: საშინაო დავალების პრეზენტაციის შემდეგ, განვიხილეთ ვიდეო:  ,,რა გარემოში მოუწევთ ცხოვრება დღევანდელ მოსწავლეებს“. შემდეგ დავსხედით წყვილებად და ერთმანეთში შევათანხმეთ სცენარი ელექტრონული წიგნების შესაქმნელად . შევქმენით საპრეზენტაციო ფაილი და გავეცანით PIZAP- ის ინსტრუმენტებს წიგნების ფონების შესაქმნელად. ვიმუშავეთ პრაქტიკულად და დავასრულეთ ელექტრონული წიგნები. შემდეგ გავეცანით Calameo- ს ინსტრუმენტებს და ვისწავლეთ ელექტრონული წიგნების შექმნა ონლაინში.
                ტრენინგის ბოლოს შევაფასეთ სამუშაო დღე და მივიღეთ ტრენინგებს შორის შესასრულებელი დავალება.
                 მეხუთე დღე- 26 ივნისი, 2014 წელი
მიზანი : შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის დანერგვა, რეკომენდაციები, დამატებითი ვებ- გვერდების ელექტრონული რესურსების შესაქმნელად.
რეზიუმე: ტრენინგი დაიწყო ჩვენს მიერ შექმნილი რესურსების პრეზენტაციით. ვნახეთ ერთმანეთის გაკეთებული ვიდეო-რესურსები და ელექტრონული წიგნები. შემდეგ გავმართეთ დისკუსია თემაზე: რა არის შებრუნებული საკლასო ოთახის წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზები“ დისკუსიის მიმდინარეობისას პრაქტიკულად შევაჯამეთ ტრენინგ- პროგრამის განმავლობაში ჩვენს მიერ მიღებული ცოდნა.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო  და ბევრის მომცემი. ყოველ მომდევნო დღეს დიდი ინტერესით ველოდი და ჩემი მოლოდინი სავსებით გამართლდა. ვფიქრობ, სწავლებისადმი ეს ახლებური მიდგომა მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს და შედეგიანი იქნება. ვისწავლე ძალიან ეფექტური ელექტრონული რესურსების შექმნა, დამიგროვდა მონაწილეთა მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან. რაც მთავარია, ედმოდოში დარეგისტრირებულს, მომავალშიც მექნება საშუალება გავიზიარო ჩემი კოლეგების გამოცდილება.
                            ხელმოწერა: ნინო გურეშიძე
                                            თარიღი:  26 ივნისი, 2014 წელი

               








                                        ანგარიში
ღონისძიების დასახელება - ტრენინგი:  ,,მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების ხელმძღვანელობა“
ჩამტარებელი ორგანიზაცია : USAID - საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი
ჩატარების ადგილი :  ქუთაისი, აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩატარების დრო და ხანგრძლივობა : 25 სექტემბერი, 2014 წელი, 6 საათი.
ტრენერები:  ქეთი ჩაჩხიანი და ანა აბულაძე.
მიზანი:
v  ფასილიტატორების კვალიფიკაციის ამაღლება სასწავლო ჯგუფების ხელმძღვანელობაში, მათი სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვა;
v  ფასილიტატორებისაგან უკუკავშირის მიღება.
ამოცანები :
·        მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების მუშაობის მიმოხილვა/რეფლექსია პრაქტიკაზე.
·        მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის ფასილიტატორის ფუნქციები და პასუხისმგებლობები.
·        მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების აქტივობების მიმოხილვა.
·        მშობელთა ჩართულობის სტრატეგიები.
·        მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფზე დაკვირვება.
·        მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა.
·        საჭირო რესურსების მიმოხილვა.
·        სერთიფიკატების გადაცემა; ტრენინგის შეჯამება-შეფასება.
რეზიუმე : ტრენინგი დაიწყო მონაწილეთა წარდგენით. ფასილიტატორებმა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ პოზიტიური დამოკიდებულება პროექტთან დაკავშირებით. სიამოვნებით გავუზიარეთ ერთმანეთს გასულ სასწავლო წელს სკოლის ბაზაზე ჩვენი სასაწავლო ჯგუფების მუშაობის გამოცდილება. გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები უკვე ღიად საუბრობენ სწავლებაში არსებულ პრობლემებზე და ჯგუფებში ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე თითქმის ყველა სიძნელე დაძლევადი ხდება. შემდეგ ტრენერმა შემოგვთავაზა დავალება : დაგვირიგა სამუშაო ფურცლები, სადაც ჩამოწერილი იყო სხვადასხვა აქტივობები, რომელთაგან უნდა დაგვეზუსტებინა ჩვენი, როგორც ფასილიტატორების ფუნქციები. კარგად გავიაზრეთ ჩვენი პასუხისმგებლობა თითოეულ აქტივობასთან დაკავშირებით.
            შესვენების შემდეგ განვიხილეთ სასწავლო ჯგუფების აქტივობები. კერძოდ, რა საკითხები შეიძლება ვაქციოთ მსჯელობის საგნად, რა პრიორიტეტების გათვალისწინებით უნდა შევადგინოთ სამოქმედო გეგმა, როგორ ვაწარმოოთ სხდომების ანგარიშები    და რა აუცილებელი ფაზები უნდა დავიცვათ სხდომების მომზადებისა და მიმდინარეობის დროს.
                   საინტერესო აღმოჩნდა ტრენერ ანა აბულაძის პრეზენტაცია თემაზე: ,,მშობელთა ჩართულობის სტრატეგიები“. მან წარმოგვიდგინა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა მაქსიმალური ჩართულობის გზები და საშუალებები, როგორიცაა : მშობელთა ანკეტირება, ერთობლივი ღონისძიებები, კონფერენციები           აღზრდის თემებზე, მათთვის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული სანდო და კომფორტული გარემოს შექმნა.
               შემდეგ ვნახეთ ვიდეო ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის სხდომის შესახებ, თან ვაწარმოებდით დაკვირვებას. დაკვირვების ფოკუსი იყო: 1) რა მოგვეწონა განსაკუთრებით; 2) ჩვენ რას გავაკეთებდით განსხვავებულად.
             დავინტერესდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვით, რომლის პრიორიტეტებს წარმოადგენს მოსწავლეთა და მასწავლებლის საჭიროებების დადგენა, მიზნების შემუშავება, აქტივობებისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შედეგების შეფასება. ასევე მონაწილეთა მაღალი აქტივობით წარიმართა მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის აქტივობის დაგეგმვის სესია. ვისაუბრეთ საჭირო რესურსებზეც.
            ტრენინგის ბოლოს შევაფასეთ სამუშაო დღე და გადმოგვეცა სერთიფიკატები.
                                      ხელმოწერა : ნ. გურეშიძე
                                              თარიღი:  29 სექტემბერი, 2014 წელი
                                     




                                                                  

No comments:

Post a Comment