ანგარიში
ღონისძიების დასახელება : G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი. ჩამტარებელი ორგანიზაცია: USAID, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ტრენინგი : ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე“. ჩატარების დრო: ზესტაფონის რაიონი, სოფ. დილიკაურის საჯარო სკოლა.ხანგრძლივობა: 8 დღე, გაზაფხული-შემოდგომა, ორ კვირაში- ერთი შეხვედრა. (4დღე გაზაფხულზე, 4 შემოდგომაზე, დღეში- 7 საათი) ტრენერები: მალვინა შანიძე და ხათუნა ფირცხალაშვილი.
მიზნები და ამოცანები : კითხვის სწავლება, სწავლის თანამედროვე (ინტეგრირებული და დიფერენცირებული ) მიდგომების დანერგვა საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე. პროგრამის წარმატებულად განხორციელების შედეგად უნდა გაუმჯობესდეს მოსწავლეთა მიღწევები, როგორც ქართულ, ისე არაქართულევან სკოლებში, მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, კითხვასა და სხვადასხვა საგანში.
I დღე (7 აპრილი)
მიზანი და ამოცანები: ტრენერებისა და ტრენინგის მონაწილე კოლეგების გაცნობა; ტრენინგ-პროგრამის მიზნებისა და შინაარსის გაგება; კითხვის სწავლების კუთხით საკუთარი მიდგომებისა და საჭიროებების გააზრება; სამოდელო გაკვეთილში პრაქტიკული მონაწილეობის გზით კითხვის ინტერაქტიური და კონსტრუქტივისტუ-ლი ხედვის გააზრება; კითხვის კომპლექსური უნარის შემადგენელი კომპონენტების, მათ შორის ურთიერთმიმართების და განვითარების ტრაექტორიის გაცნობიერება.
რეზიუმე : გავეცანით PIRSL-2011 კითხვითი წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებს. მივიღეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ. PIRSL -ში ყურადღება გამახვილებულია კითხვაში, მოსწავლის წიგნიერების სამ ასპექტზე: 1)კითხვის მიზანი; 2)გაგება-გააზრების პროცესი 3)ქცევები და დამოკიდებულება კითხვისადმი.
ხოლო შეფასება კონცენტრირებულია კითხვის ორ ძირითად მიზანზე: ა) კითხვა ლიტერატურული გამოცდილების მიღებისათვის; ბ)კითხვა ინფორმაციის მიღებისა და გამოყენებისათვის.
მოსმენილი ინფორმაციის შედეგად შევავსეთ სქემა ,,რა გავიგეთ? რა გავაკეთოთ? რა გვჭირდება? შემდეგ ვიმუშავეთ თვითშეფასების ტესტზე (წიგნიერების პრეტესტი). საკითხთა უმრავლესობა ჩემთვის ნაცნობი იყო, კარგად გავართვი თავი, მაგრამ მაინც შემხვდა ისეთი კითხვები, რომლებზეც ბუნდოვანი პასუხები გავეცი.
ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი იყო ჩემთვის ტრენერის მიერ მოწოდებული სამოდელო გაკვეთილი ,,კუ და კატა“ ჩვენ მოსწავლეების როლში ვიყავით. გაკვეთილი სამფაზიანი იყო. პროვოცირება მოხდა ილუსტრაციით, დაშიფრული ტექსტის დეკოდირებით, ეფექტურად იყო შერჩეული შესწავლილის გაგება- გააზრებისათვის საჭირო აქტივობები. გავაცნობიერეთ, რომ თუ გვინდა შედეგზე გასვლა, აუცილებლად უნდა დავიცვათ გაკვეთილი მიმდინარეობის სამივე ფაზა: 1) წაკითხვამდე 2)კითხვის დროს 3) წაკითხვის შემდეგ. გავაანალიზეთ პირველი, ან მესამე ფაზის იგნორირებამ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.
შემდეგი აქტივობა იყო ,,კითხვის ხუთი კომპონენტი“, რომლებიც აუცილებელია კარგი კითხვისათვის:
· ფონოლოგიური უნარ-ჩვევები
· ანბანის ცოდნა
· ლექსიკური მარაგი
· გაწაფული კითხვა
· გაგება-გააზრება
ხუთკაციან ჯგუფებში შევქმენით ,,კითხვის ცოცხალი ქანდაკება“, რომელშიც გამოვხატეთ კითხვის არსი და მისი კომპონენტები.
მივიღეთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ ტრენინგის ამსახველი მასალების პორთფოლიო და რამდენად მნიშვნელოვანია იგი ჩვენთვის. მასში თავმოყრილი ჩვენი ნამუშევრები და თეორიული მასალა დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და შედეგად- ჩვენი მოსწავლეები ბევრად უფრო წარნატებულნი გავხადოთ.
სამუშაო დღის ბოლოს, შევაფასეთ ტრენინგი, დავაზუსტეთ, რა იყო ჩენთვის მნიშვნელოვანი, რას გავაუმჯობესებდით და რაზე გვსურდა დამატებითი ინფორმაციის მირება.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება : ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო კითხვის სწავლის კუთხით საკუთარი მიდგომებისა და საჭიროებების გააზრება; სამოდელო გაკვეთილში პრაქტიკული მონაწილეობით კითხვის ინტერაქტიური და კონსტრუქტივისტული ხედვის გაცნობიერება; კითხვის კომპლექსური უნარის შემადგენელ კომპონენტებს შორის ურთიერთმიმართების დანახვა.
ტრენინგმა ჩემს გამოცდილება შემატა ახალი, ეფექტური სტრატეგიები. შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში: დავგეგმავ და ჩავატარებ სამფაზიან გაკვეთილებს, ვიზრუნებ მოსწავლეებში კითხვის ხუთივე კომპონენტის კომპლექსური განვითარებისათვის. აქტიურად ვითანამშროლებ კოლეგებთან. ერთად დავგეგმავთ და ჩავატარებთ სამოდელო გაკვეთილებს ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.
ხელმოწერა : / ნ. გურეშიძე /
II დღე (21 აპრილი)
მიზანი და ამოცანები : სამოდელო გაკვეთილებში მონაწილეობის გზით კითხვის სწავლების დაბალანსებული და ინტეგრირებული მოდგომების მიმოხილვა და გააზრება. ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო მრავალფეროვანი მეთოდებისა და რესურსების გაცნობა. პირველ კლასში წერა-კითხვის სწავლების სხვადასხვა პერიოდის ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების გაცნობა. მოსწავლისათვის პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელისა და მისი კითხვის სწავლებაში განხორციეკლების საშუალებების გააზრება. წინასაანბანო პერიოდის ეფექტური ორგანიზებისათვის საჭირო ძირითადი აქტივობების , მეთოდებისა და რესურსების გაცნობა. კითხვის შესწავლის ხელშემწყობი გარემოს ორგანიზება და ეფექტური სასწავლო რესურსების დამზადების სწავლება.
რეზიუმე : საშინაო დავალების პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეობა მივიღეთ ტრენერის მიერ ჩატარებულ სამფაზიან, დაბალანსებულ მიდგომაზე აგებულ გაკვეთილში. ტრენერმა მასწავლებლის როლი მოირგო, ჩვენ- მოსწავლეების. გაკვეთილზე გამოყენებული იყო ეფექტური მეთოდები : სლაიდ-შოუ, საჩვენებელი კითხვა, ერთობლივი კითხვა და ერთობლივი წერა.გაკვეთილი იყო ემოციურად დატვირთული, შერჩეული აქტივობები კი იმდენად შთამბეჭდავი და ეფექტური,რომ შეძლო ჩვენი სამუშაო პროცესში მაქსიმალური ჩართვა და მუდმივი მოტივირება.
გაკვეთილის შემდეგ მოვაწყვეთ დისკუსია/დებრიფინგი (შეჯამება).გავიაზ-რეთ, თუ რას მოიცავს დაბალანსებული სწავლების ძირითადი აქტივობები და მეთოდები.შემდეგ განვიხილეთ კითხვის სწავლების კონცეპტუალური ჩარჩო, სადაც ჩანდა, როგორ ეფექტურად იყენებს მასწავლებელი ინოვაციურ მეთოდს ,,მე-კალამი“.იგი ეხებოდა ამბის კლასის მიერ ერთობლივად შეთხზვას და გააზრებას. მასწავლებელი ასრულებდა ,,კალმის“ ფუნქციას, დაფაზე წერდა ბავშვების მიერ მოფიქრებულ ავთენტურ ტექსტს.გავეცანით დაბალანსებულ (მთელი- ნაწილი-მთელი) მიდგომას, პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელს. ვნახეთ ფილმი, რომელიც მასწავლებელმა წარმართა აქტივობით ,,მე-კალამი“.
მორიგ აქტივობად ტრენერებმა შემოგვთავაზეს მართული პრაქტიკა მცირე მცირე ჯგუფებში. დავგეგმეთ გაკვეთილები ტრენინგზე ნანახისა და მოსმენილის გათვალისწინებით. გამოვიყენეთ ინოვაციური აქტივობები, გავაკეთეთ პრეზენტაციები. ძალიან საინტერესო იყო თითოეული ჯგუფის მოსმენა, გამოცდილებისა და ახლადმიღებული ცოდნის ურთიერთგაზიარება. კოდევ ერთხელ
დავრწმუნდით, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია სწორად დაგეგმო გაკვეთილი და აუცილებლად გაიზრდება მოსწავლეთა აქტივობის ხარისხი.
მრავალფეროვანი და მართლაც საქმიანი ტრენინგი დასრულდა დღის შეფასებით.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება : ჩემთვის ახალი იყო კითხვის სწავლების დაბალანსებული მიდგომა, ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა ერთობლივი წერა და ენობრივი პრაქტიკა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სადემონსტრაციო გაკვეთილი და მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფებში. ტრენინგმა აშკარად გაამდიდრა ჩემი გამოცდილება, ვისწავლე როგორ შევქმნა ძალიან მარტივად სასწავლო რესურსები, რაც გამიადვილებს შედეგზე გასვლას.ეს იყო პრაქტიკული სწავლება, რის ნაკლებობასაც განვიცდიდით დღემდე მასწავლებლები. რა თქმა უნდა ახალ მიდგომებს დავნერგავ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ხელმოწერა: /ნინო გურეშიძე/
თარიღი : 25 აპრილი, 2013 წელი
ტრენინგის მესამე დღე
მიზანი: მასწავლებლებმა შეძლონ სამოდელო აქტივობებში მონაწილეობის გზით, გამართული/გაწაფული კითხვის კომპონენტის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების გააზრება, მხატვრული ტექსტების გაგება -გააზრების სწავლებისათვის გარემოს ორგანიზება, ეფექტური მეთოდებისა და საჭირო რესურსების გამოყენება.
ამოცანები: გამოხმაურება შეფასების ბარათებზე, საშინაო დავალების პრეზენტაცია, გამართული/გაწაფული კითხვა-სადემონსტრაციო აქტივობა, მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება(განსაზღვრება, მნიშვნელობა, განვითარების გზა)-სადემონსტრაციო აქტივობა. გაგება-გააზრების სტრატეგიების გაცნობა. მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფებში: მონაწილეთა მიერ გაკვეთილების/აქტივობების დაგეგმვა.ეფექტური მეთოდების, გარემოსა და რესურსების გაცნობა მხატვრული ტექსტის წაკითხვის სწავლებისათვის. დღის შეფასება,საშინაო დავალება.
რეზიუმე: ტრენინგი დაიწყო სამუშაო დღის განრიგის გაცნობით. შემდეგ ტრენერებმა გააკეთეს კომენტარები ჩვენს მიერ დატოვებულ შეფასების ბარათებზე და გადავედით საშინაო დავალების პრეზენტაციაზე. წარმოვადგინეთ ინოვაციური მეთოდებით ჩატარებული გაკვეთილების სცენარები,გამოვფინეთ გამოყენებული ეფექტური თვალსაჩინოებები, რომლებმაც გაგვიადვილა შედეგზე გასვლა. გამოიკვეთა საერთო აზრი, რომ ახალი მიდგომებით ჩატარებული, დაბალანსებული სწავლების პრინციპზე დაყრდნობით მომზადებული გაკვეთილები არის საინტერესო, ხალისიანი და შედეგიანი.
შემდეგ ეტაპზე ჩაგვიტარდა სადემონსტრაციო აქტივობა გამართული/გაწაფული კითხვის განსაზღვრების, მნიშვნელობისა და განვითარების გააზრების მიზნით. მოწოდებულმა თეორიულმა მასალამ საშუალება მოგვცა დაგვეზუსტებინა ჩვენი ცოდნა საკითხთან დაკავშირებით და მიგვეღო ახალი ინფორ-
მაცია. ტრენერი დაგვეხმარა გაგვეცნობიერებინა, თუ რას ნიშნავს ტექსტის გაგება-გააზრება. მივიღეთ მონაწილეობა დისკუსიაში და გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. შემდეგ ვიმუშავეთ ჯგუფებში და მივედით დასკვნამდე, რომ წაკითხულის გააზრება სამ სხვადასხვა დონეზეა შესაძლებელი: 1)სიტყვასიტყვით გაგების დონეზე 2)დასკვნის გამოტანის (ჩაწვდომის დონეზე) და 3)კრიტიკული შეფასების დონეზე.
შემდეგი აქტივობა დაეთმო გაგება-გააზრების სტრატეგიებზე მუშაობას. ვისწავლეთ ტეფი რაფაელის (QAR) მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ტექსტის გააზრებისას ბლუმის ტაქსონომიის ზედა ზღვარზე. კერძოდ, მოსწავლე კითხვებზე პასუხის გაცემისას ჯერ ტექსტში მოცემულ ინფორმაციას იყენებს, შემდეგ ფიქრობს და პასუხს პოულობს რამდენიმე ადგილას, მომდევნო ეტაპზე ცდილობს ჩაწვდეს ქვეტექტს, მას, რაც ტექსტში არ დევს, მაგრამ იგულისხმება და ბოლოს გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, აზრს, იშველიებს გამოცდილებას წაკითხულის ირგვლივ და ახდენს ფაქტის, ან მოვლენის შეფასებას.
ვნახეთ სამოდელო გაკვეთილი ,,კუსუნას ციხე-სიმაგრე“, რომელიც ჩემთვის იყო აღმოჩენა. სასიამოვნოდ გავოცდი, თურმე სწორად დასმული კითხვები როგორ ეხმარება ბავშვს წაკითხულის გააზრებასა და შეფასებაში. ჩვენ მოსწავლეების როლში ვიყავით და ჯგუფებში ვიმუშავეთ ტექსტებზე ტეფი რაფაელის მეთოდის გა-მოყენებით. გავაკეთეთ დასკვნები, თუ რა არის საჭირო გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული სწავლებისათვის დაწყებით კლასებში.
ტრენინგის შემდეგი ეტაპი დაეთმო მართულ პრაქტიკას მცირე ჯგუფებში. მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილებისა და ტრენინგზე გაცნობილი მასალის გაანალიზების შედეგად დავგეგმეთ გაგება-გააზრებაზე გამიზნული გაკვეთილები სამფაზიანი მოდელის მიხედვით. პრეზენტაციების დროს ჯგუფებმა წარმოვადგინეთ ვრცლად გაკვეთილის სხვადასხვა ფაზები,აქცენტი გავაკეთეთ კითხვებზე: რატომ შევარჩიეთ ეს ტექსტი, რატომ ავირჩიეთ დაგეგმილი მეთოდები/აქტივობები და დავასაბუთეთ, თუ როგორ შეუწყობდა ხელს ეს აქტივობები მოსწავლეთა გაგება-გააზ
რების უნარებისა და სტრატეგიების დაუფლებას.
ბოლოს ტრენერებისაგან მივიღეთ ტრენინგებს შორის შესასრულებელი დავალებები და შევაფასეთ სამუშაო დღე.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ტექსტის გაგება-გააზრებისათვის საჭირო ეფექტური სტრატეგიები. განსაკუთრებით მომეწონა სამოდელო გაკვეთილი ,,კუსუნას ციხე-სიმაგრე“. დღევანდელმა ტრენინგმა კიდევ უფრო გაამდიდრა ჩემი გამოცდილება. ყოველთვის მაფიქრებდა ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს უჭირდათ ტექსტის გააზრება. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ეფექტურად გამოვიყენებ გაკვეთილებზე. ახლებურად დავგეგმავ მათ და მჯერა, შედეგიც არ დააყოვნებს. მე და ჩემი კოლეგები დავესწრებით ერთმანეთს გაკვეთილებზე, დავაკვირდებით, როგორ შეიცვლება სწავლის ხარისხი და შედეგებს გავაანალიზებთ კათედრაზე . ვფიქრობ, ამგვარი მუშაობა აუცილებლად სასიკეთოდ აისახება ჩვენი მოსწავლეების ცოდნის დონეზე.
ხელმოწერა : / ნინო გურეშიძე /
თარიღი: 14 აპრილი, 2013 წელი
ტრენინგის მეოთხე დღე- 26 მაისი
მიზანი და ამოცანები : გამოხმაურება შეფასების ბარათებზე; საშინაო დავალების პრეზენტაცია; საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგება-გააზრება; სადემონსტრაციო აქტივობა, გაგება-გააზრების სტრატეგიები. კითხვის კომპონენტი: ლექსიკური მარაგი. ტექსტი, როგორც კითხვისა და წერის სწავლების ძირითადი რესურსი. მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფებში : მონაწილეთა მიერ გაკვეთილების/აქტივობების დაგეგმვა. ეფექტური მეთოდები, გარემო და რესურსები საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის წაკითხვის სწავლებისათვის. ტრენინგის პირველი მოდულის შეფასება. საშინაო დავალება.
მისაღწევი შედეგები: ტრენინგის მონაწილეებმა შეძლონ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგაება-გააზრების სწავლებისათვის ხელშემწყობი გარემოს ორგანიზება, ეფექტური მეთოდებისა და საჭირო რესურსების გამოყენება; გაიაზრონ ლექსიკური მარაგის მნიშვნელობა კითხვის გაგება-გააზრების პროცესში; გააცნობიერონ სასწავლო დანიშნულების ტექსტის მნიშვნელოვანი მახასიათებლები; შეძლონ კითხვის სწავლებისათვის შესაფერისი ტექსტების/ წიგნების შერჩევა და დამზადება.
რეზიუმე : ტრენინგი დაიწყო შეფასების ბარათების განხილვით. შემდეგ მოვახდინეთ საშინაო დავალების პრეზენტაცია. ჯგუფებში გავუზიარეთ ჩვენს მიერ შესრულებული დავალებები კოლეგებს და ჯგუფიდან ერთმა გავაკეთეთ პრეზენტაციები.
შემდეგ ვიმუშავეთ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგება-გააზრებაზე. დავაზუსტეთ, რამ გაართულა ტექსტის გაგება. გავმართეთ დისკუსია თემაზე : რა არის საჭირო ტექსტის სათანადოდ გაგება-გააზრებისათვის. წავიკითხეთ ბატონ პაატა პაპავას სტატია : „როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ინფორმაციულ ტექსტთან მუშაობაში“ და ავტორს შეკითხვები დავუსვით წერილობით. ტრენერი დაგვპირდა, რომ ამ შეკითხვებს გადასცემდა ადრესატს.
მომდევნო ეტაპზე , როგორც მოსწავლეებმა, მონაწილეობა მივიღეთ სამოდელო გაკვეთილში. ეს იყო საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტზე აგებული გაკვეთილი, რომელიც კითხვისა და წერის სხვადასხვა უნარის განვითარებაზე იყო ორიენტირებული.
სადემონსტრაციო გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდების შესახებ მიღებული ცოდნის შეჯამებისა და გამთლიანების მიზნით, ჯგუფებში შევავსეთ სტრატეგიების სქემები გაკვეთილის თითოეულ ფაზაზე გამოყენებული ახალი მეთოდების / სტრატეგიების გათვალისწინებით. შემდეგ ვიმსჯელეთ თემაზე : რა არის ლექსიკა და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი? ჯგუფებში ჩამოვწერეთ ლექსიკურ რუბრიკებში შემავალი ისეთი სიტყვები, რომელთა ცოდნაც, ჩვენი აზრით, სასურველია სკოლაში შემსვლელი ბავშვისათვის. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფთან ერთად გავაკეთეთ სიების პრეზენტაციები. განვიხილეთ ტექსტი : „ ბავშვის ენობრივი განვითარება (სკოლამდელი განათლების პროგრამიდან ), ვიმსჯელეთ ლექსიკური მარაგის განვითარების მიმართულებით კითხვის დაწყების საფეხურზე მისაღწევ შედეგებზე .
ტრენინგი გაგრძელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი ფილმით : „მნიშვნელოვანი სიტყვები“, სერიიდან „კითხვის ეფექტური მეთოდები“. ფილმის ნახვის შემდეგ ჩავერთეთ დისკუსიაში. ვიმსჯელეთ გამოყენებული მეთოდებისა და აქტივობების, ასევე მსგავსი აქტივობების კლასში განხორციელების შესახებ.
საკუთარი გამოცდილებისა და ტრენინგზე გაცნობილი მასალის გაანალიზების შედეგად, ჯგუფთან ერთად დავგეგმეთ გაგება-გააზრებაზე გამიზნუ- ლი გაკვეთილები სამფაზიანი მოდელის მიხედვით. გაკვეთილის გეგმაში შევიტანეთ ლექსიკურ მარაგზე მუშაობის აქტივობები. პრეზენტაციების დროს დავასაბუთეთ, რატომ შევარჩიეთ ეს მეთოდები /აქტივობები და როგორ შეუწყობს ხელს ისინი მოსწავლეთა გაგება-გააზრების უნარებისა და სტრატეგიების დაუფლებას.
დღის ბოლოს მივიღეთ მომდევნო ტრენინგამდე შესასრულებელი დავალებები და შევაფასეთ ტრენინგის პირველი მოდული.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება : ტრენინგი, როგორც ყოველთვის, იყო ძალიან საინტერესო , სიახლეებით სავსე და ბევრისმომცემი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული სამოდელო გაკვეთილში მონაწილეობა, რადგან მოსწავლეებს ყველაზე მეტად მსგავსი ტიპის ტექსტების გაგება უჭირთ. ვისწავლე ახალი სტრატეგიები, როგორიცაა: „ სიტყვების გამომძიებელი“ და „სემანტიკურ თვისებათა ანალიზი“. ეფექტური იყო გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის შედეგად „მახასიათებლების ცხრილის“ შევსება, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს დააზუსტონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა.ვისწავლე, როგორ შეიძლება დავეხმარო მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში.
ტრენინგმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩემი პედაგოგიური გამოცდილება. მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ გაკვეთილებზე სწავლა-სწავლების გაადვილების მიზნით. ვეცდები, ბავშვებს არასაგაკვეთილო პროცესშიც დავეხმარო და შევურჩიო მათ საბავშვო ლიტერატურა მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ფაქტია, რომ სწორად შერჩეული საკითხავი მასალა ავითარებს აზროვნებას და ამდიდრებს ლექსიკურ მარაგსაც.
ხელმოწერა : / ნინო გურეშიძე /
თარიღი : 6 ივნისი, 2013 წელი